პოლიტიკურმა გაერთიანება „ძლიერმა საქართველომ“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერებმა საზოგადოებას მიმართეს და სამომავლო გეგმები გაუზიარეს.
გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, მათ აქვთ მთავარი მოთხოვნა და ამოცანა, რომ “ის ორი ძალა, რომელიც 20 წელია ქვეყანას მართავს, უნდა შეიცვალოს”.
„ჩვენ გვქონდა ერთი მოთხოვნა, ამოცანა, რომ სისტემა უნდა დანგრეულიყო და იმის ნაცვლად რომ ის დანგრეულიყო, შეიცვალა , ადაპტირდა, გაძლიერდა და უბრალოდ ახალი პატრონი იპოვა. ქვეყანას 20 წლის განმავლობაში მართავს ორი ძალა, რომელმაც დაგვღალა, გვაწყენინა, იმედი გაგვიცრუა. დიდი ხანია, ეძებთ ამ ორი ძალის ალტერნატივას, ეს კი დღეს თქვენს წინაშეა. როდესაც ჩვენ შევქმენით კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ვიცოდით რომ გვამოძრავებს ერთი რამ: ხელისუფლების და იმ სისტემის ცვლილება და ჩანაცვლება, რაც ორი ძალისგან მემკვიდრეობით მივიღეთ. ეს ძალა შედგება სუფთა, კომპეტენტური, მცოდნე და გულანთებული ადამიანებისგან. 26 ოქტომბერს ვცვლით ხელისუფლებას და ვიწყებთ ისეთი სახელმწიფოს შექმნას, სადაც ადამიანებს აღარ მოუწევთ ჯართის ჩაბარება, რათა ჭამონ საჭმელი, მშობლებს აღარ მოუწევთ უცხოეთში წასვლა, შვილების გადასარჩენად. არც ის მოუწევთ, რომ სისხლი ჩააბარონ ჭამისთვის. აი, ამ ძალას ვქმნით ჩვენ. არა ქოცები, არა ნაცები, არამედ რაღაც სხვა და ეს ალტერნატივა, დღევანდელი რეალობის, თქვენს წინაშეა“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
„ლელო საქართველოსთვის“, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ. ახალი ოპოზიციური გაერთიანების პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა.