სასამართლო ხელისუფლების გავლენის ჯგუფი საკუთარ თავს იცავს! – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი ანა ბუჩუკური საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ, შეაჩერა.
ბუჩუკურის შეფასებით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, როცა სასამართლო ე.წ. კლანის მახინჯი, მანკიერი სისტემით იმართება და ეს სისტემა ახლა თავს იცავს.
„ეს არის ჩაკეტილი წრე. ერთია ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ივანიშვილის „ოცნებამ“ სანდრო გირგვლიანის მოსამართლე და მისთანანი გადმოიბირა და ერთადერთი მიზნით გააძლიერა – სასამართლოს გავლენის ჯგუფი ივანიშვილს ხელისუფლების და ძალაუფლების გახანგრძლივებაში უნდა დაეხმაროს. მურუსიძე – ჩინჩალაძე ის მოსამართლეები არიან, რომლებიც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან კორუფციის ბრალდებით დასანქცირდნენ. როცა ჩვენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ვითხოვდით, მათ მთელი „ქართული ოცნება“ გადაეფარა“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.