ანა ბუჩუკური ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე – შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გუნდისთვის

პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის წევრები ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

„შეხვედრა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გუნდისთვის. მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაცია. შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენს რეალობაში ხდება. ფაქტობრივად, შევეხეთ ყველა პოლიტიკურ თემას, ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში – დაწყებული მიმდინარე მოვლენებიდან. ასევე ვისაუბრეთ პარლამენტში არსებულ სიტუაციაზე, იმ გამოწვევებზე, რასაც ჩვენი გუნდი ყოველდღიურად საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში ხვდება და ჩვენი გუნდის სამომავლო გეგმებზეც ვესაუბრეთ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინფორმირებას.“ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტარმა ანა ბუჩუკურმა.

ბუჩუკური ხაზს უსვამს, რომ შეხვედრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საკრებულოებში მიმდინარე პროცესების განხილვას და საკრებულოების დასაბალანსებლად პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გაკეთებული შეთავაზების უარყოფას „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

„ბუნებრივია საუბარი შეეხო საკრებულოებში მიმდინარე პროცესებს. ბატონი ელჩი ჩავაყენეთ საქმის კურსში. ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მუდმივად გვაქვს ინფორმაციის მიმოცვლა. ასევე შევეხეთ საკრებულოებში თავმჯდომარეების არჩევის საკითხს. საზოგადოებამაც და ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმაც იციან, რომ ჩვენ ორჯერ შევთავაზეთ როგორც მმართველ პარტიას, ისევე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაბალანსებული საკრებულოები მიგვეღო – მზა გზა შევთავაზეთ, თუ როგორ შეიძლებოდა ყველას ერთად მიგვეღო ზეპარტიული და ჯანსაღი გადაწყვეტილება, რომ საკრებულოების ფუნქციონირება ჯანსაღ გარემოში დაწყებულიყო და დაბალანსებული საკრებულოები მიგვეღო. ეს დაბალანსების გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მოსახლეობამ, როდესაც მხარი დაუჭირა, მათ შორის, ჩვენს პარტიას, თუმცა იცით როგორ დასრულდა ეს შეთავაზებები. საკრებულოებში მიმდინარე პროცესები ელჩთან შეხვედრაზე ერთ-ერთი განხილვის თემა იყო.“- ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი.

ბუჩუკურის თქმით, შეხვედრაზე საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებსაც შეეხო, თუმცა შეხვედრის მთავარი თემა ეს არ ყოფილა.
„საკონსტიტუციო ცვლილებები არ ყოფილა შეხვედრის ძირითადი თემა, შესაბამისად, დეტალებზე ვერ ვისაუბრეთ, თუმცა ამ საკითხსაც შევეხეთ. საკონსტიტუციო ცვლილებების ამოსავალი რა უნდა ყოფილიყო – ეს ევროკავშირმა უკვე გვაჩვენა, როდესაც მაგიდაზე დადო ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი, მაგრამ სამწუხაროდ, „ქართული ოცნებისთვის“ არ აღმოჩნდა მისაღები ის რეფორმები, რაც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს. საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი ამოსავალი უნდა იყოს ძალაუფლების დაბალანსება, სწორედ ეს იყო შემოთავაზებული 19 აპრილის შეთანხმებაშიც. 19 აპრილის შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ითვალისწინებდა ორ მნიშვნელოვან მდგენელს, ერთ-ერთი იყო – სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არა 2024 წლიდან, არამედ რომ ნებისმიერი შემდეგი არჩევნები, მათ შორის, რიგგარეშე უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით და მეორე მდგენელი იყო ე.წ. ზღვრის დაწევა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციამაც ხელი მოაწერა – შეათანხმა ეს, როდესაც 19 აპრილის დოკუმენტს ხელი მოაწერა. დაველოდებით ქართული ოცნება რას იზამს და რას შემოგვთავაზებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენთვის არ იქნება ცვლილება მისაღები, თუ ეს არ მოემსახურება ძალაუფლების დაბალანსებას.სამწუხაროდ, პირადად მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ქართული ოცნება მიიღებს გადაწყვეტილებას ხელიდან გაუშვას აბსოლუტური ძალაუფლება.“- ამბობს ბუჩუკური.

banner
წინა სტატიაშიღუდუშაური – ძალიან სწორად არის შეყვანილი ბიძინა ივანიშვილი სახელმძღვანელოში, არ უნდა იყოს?
შემდეგი სტატიაწალენჯიხელ ახალგაზრდებს სტუდენტის შეწყვეტილი სტატუსი აღუდგებათ