ანა ბუჩუკური – დიდი იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ვიწროპარტიულ ეგოს რამდენიმე საათით მაინც გადადებს გვერდით

დიდი იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ვიწროპარტიულ ეგოს რამდენიმე საათით მაინც გადადებს გვერდით – რა მნიშვნელობა აქვს, ეს ვიწროპარტიული ეგო „ქართული ოცნების“ იქნება თუ „ნაცმოძრაობის”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ოპოზიციის და უმრავლესობის მონაწილეობით ერთიანი ვიზიტი მნიშვნელოვანია და ოპოზიციამ ამაზე უარი არ უნდა თქვას.

“გვახსოვს ყველას, გარკვეული პერიოდი პარლამენტის თავმჯდომარე ფაქტობრივად გადამალული იყო და უღირსი განცხადებები მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, რომლებიც პირობებს უყენებდნენ უმწვავეს ომში მყოფ სახელმწიფოს ხელისუფლებას. თუმცა, საბოლოო ჯამში, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მიდის უკრაინაში, რაც ცალსახად მისასალმებელია, მეორე პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამ თემაში უკრაინას და მსოფლიოს ვაჩვენოთ ერთიანობა, რაც ნიშნავს პოლიტიკური სპექტრის ერთიანობას ამ საკითხზე, რადგან ყველას კარგად გვესმის, უკრაინის ომი არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, ეს არის ომი თავისუფლებისთვის, მათ შორის, საქართველოს თავისუფლებისთვის. შემდეგ ვნახეთ გაურკვევლობები, მოლაპარაკებები დელეგაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით, სადაც “ქართულმა ოცნებამ” დაიკავა არასწორი პოზიცია, კვოტები განსაზღვრა, ოპოზიციის რამდენი წარმომადგენელი უნდა წაეყვანა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს პოზიცია შეიცვალა და “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ მზად არის ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი იყოს დელეგაციაში, აქაც, მიუხედავად ყველაფრისა და მანამდე არსებული გაუგებრობისა”, ესეც არის მისასალმებელი, არა იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” რეპუტაციაა მნიშვნელოვანი, არამედ ის, თუ როგორ ჩანს ქვეყანა პარტნიორებთან, საერთაშორისო ასპარეზზე. აქედან გამომდინარეა მნიშვნელოვანი დელეგაცია იყოს მრავალპარტიული. გუნდის შიგნით გვაქვს მსჯელობა ვინ წავა და სავარაუდოდ, ეს იქნება გიორგი ხოჯევანიშვილი. დიდი იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ვიწროპარტიულ ეგოს რამდენიმე საათით მაინც გადადებს გვერდით და ერთიანად შევძლებთ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინას“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში არ გაემგზავრება
შემდეგი სტატიათიბისი თავისი არსებობის მეოთხე ათწლეულს მომავალ თაობას მიუძღვნის.