ანა ბიბილაშვილი – ადამიანებს ამ ქალაქში არაფერს ეკითხებიან

„ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვატო სურგულაძე დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივები II მიკროს ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ და დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ.

ინფორმაციის თანახმად, დიდი დიღმის მოსახლეობამ, 2019 წელს შეგროვებული ხელმოწერების საფუძველზე მონაწილეობა მიიღეს პროექტში idea.tbilisi.gov.ge – „იდეა მერს“, ნომრით 3521. პროექტი ფინალში გავიდა, თუმცა შემდგომი რეაგირება აღარ მოჰყოლია. ტერიტორიისთვის სარეკრეაციო სტატუსის მინიჭების მიუხედავად, 2020 წლის 21 აგვისტოს საქ. მთავრობის N1628 დადგენილებით, აღნიშნული ფართი 49 წლიანი აღნაგობის უფლებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადასცა.

ბიბილაშვილის განცხადებით, ქალაქში საჭიროა როგორც სპორტული ასევე რეკრეაციული სივრცეები, თუმცა ამ ორის დაგეგმარება არ უნდა ხდებოდეს ადამიანების ნების წინააღდეგ, მისი თქმით, აუცილებელია ნებისმიერი სივრცის მოწყობის დროს, მოსახლეობის უმრავლესობის აზრი მკაცრად იყოს დაცული.
„დიდი დიღმის მოსახლეობა II მიკროს ტერიტორიას იყენებს რეკრეაციულ ზონად, მიუხედავად იმისა, რომ არ არის კეთილმოწყობილი. რადგან მათ სხვა ალტერნატივა, მსგავსი ფართის სახით არ აქვთ. ამ მოთხოვნით მერიას, რამდენიმე წლის წინ მიმართეს, გაიმარჯვეს პროექტში, თუმცა მერიამ მათი სურვილი არ გაითვალისწინა და სივრცე გადაეცა ჯგუფს, რომელიც დახურული სპორტული მოედნის მოწყობას ნიშნავს. რა თქმა უნდა ჩვენ არ ვართ სპორტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგები, პირიქით ეს ძალიან საჭიროა, მაგრამ ქალაქს სასიცოცხლოდ სჭირდება ღია საჯარო სარეკრეაციო სივრცეები, იმიტომ რომ ჰაერის ხარისხით სიკვდილიანობის მძიმე მაჩვენებელი გვაქვს, თბილისს სჭირდება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამიტომ იცავენ ეს ადამიანები ამ ტერიტორიას, თავიანთი შვილებსა და მომავალი თაობისათვის. მერია კი რომელიც ამ ხალხის გვერდით უნდა იდგეს, იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და არ უსმენს ადამიანებს. „ლელოს“ ხედვით ნებისმიერი ტერიტორიის განვითარება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით,“- აღნიშნა ბიბილაშვილმა.
„ლელოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვატო სურგულაძეს, მერიის პასუხისმგებლობას ხედავს იმაში, რომ დიდ დიღომში II მიკროს ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობა, გამარჯვებული იდეისა და ხალხის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად ვერ ხერხდება.

„2016 წლიდან ადგილობრივი მოსახლეობა ყველა შესაძლო საშუალებით ითხოვს ამ ადგილზე სკვერის მოწყობას. მოთხოვნის საფუძველზე ამ ადგილს სარეკრეაციო „ზონა 2“ ის სტატუსი მიენიჭა. 2019 წელს შეგროვებული ხელმოწერების საფუძველზე მონაწილეობა მივიღეთ პროექტში „იდეა მერს“, პროექტი ფინალში გავიდა, თუმცა შემდგომი რეაგირება აღარ მოჰყოლია. ამ ყველაფრის მიუხედავად, ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობას იგეგმება რაც ამ საზოგადო წვდომის ტერიტორიის კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფზე მორგებას ითვალისწინებს, ხოლო მოსახლეობა კი გამწვანებულ სივრცეს დაკარგავს, რომელიც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქისათვის“-ამბობს სურგულაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აცრის საშუალო დღიური მაჩვენებელი 12-14 ათასამდე შემცირდა
შემდეგი სტატიაუახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი