ან წამლები უნდა ვიყიდოთ, ან საკვები

საქართველოში წამლებს ცეცხლი უკიდია. მედიკამენტებზე ფასები კატასტროფულად არის გაზრდილი. ჩვენს მეზობელ თურქეთსა და რუსეთში წამლები ბევრად იაფი ღირს.
წამლების ფასები არაერთხელ გააპროტესტა ოპოზიციის ნაწილმა. ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
ამ კვირაში წამლების ფასებზე განცხადება გააკეთა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ადრეც გააპროტესტა მედიკამენტების ფასები. საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით რაღაც შეიცვლება.
მედიკამენტების ფასები ყველაზე მეტად პენსიონერებს აწუხებს. “თაიმერთან” საუბარში ისინი იმედოვნებენ, რომ ფასები დარეგულირდება.
ქეთევანი, 68 წლის: ეს პრობლემა აქამდე უნდა გადაეწყვიტა ხელისუფლებას. ფარმაცევტული კომპანიები უნამუსოდ ყვლეფენ ხალხს. მინდა მჯეროდეს, რომ ღარიბაშვილი თავის სიტყვას შეასრულებს.
თამარი, 71 წლის: ძალიან გვიჭირს წამლების შეძენა  ხშირად ვმდგარვარ არჩევანის წინაშე -საკვები, ან წამალი. ორივეს შეძენა პენსიით შეუძლებელია. ეს პრობლემა თუ მოგვარდება, მადლობელი ვიქნები.
ნაილი, 65 წლის: მე არ მჯერა, რომ ხელისუფლება რამეს გააკეთებს. ფარმაცევტული კომპანიები ყველა ხელისუფალთან შეკრულები იყვნენ. ისინი ჩვენს ხარჯზე დიდ ფულს შოულობენ.
შოთა, 67 წლის: ხელისუფლება თუ მოინდომებს, წამლებზე ფასები დაიწევს. ფარმაცევტული მაფიის პარპაში უნდა დასრულდეს. ადამიანები უწამლობით იტანჯებიან.
ვალერი, 72 წლის: რამდენიმე წლის წინ დაიწერა, რომ საქართველოში წარმოებული წამლები სომხეთში 40%-ით იაფია ვიდრე აქ. წარმოგიდგენიათ, რა უნამუსობაა. ფარმაცევტული კომპანიები ძარცვაზე არიან გადასული. მათ თავხედობას ბოლო უნდა მოეღოს. ღარიბაშვილი ამას თუ გააკეთებს, მადლობელი ვიქნებით.
ნათელა, 74 წლის: წამლებზე ფასები ისეა გაზრდილი ხელისუფლებაც აღშფოთდა. ფარმაცებტებთან ბრძოლა ღარიბაშვილს მარტოს გაუჭირდება, მას ყველა გვერდით უნდა დაუდგეს. პენსიონერები მის მხარეს ვიქნებით. ასე გაგრძელება არ შეიძლება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს მთავრობა სწორი იქნება, ეჭვქვეშ დააყენოს მათი ფინანსური მხარდაჭერა – იან კელი
შემდეგი სტატიაფაქტია, რომ 5 ივლისს სახელმწიფომ ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლო – პაპუაშვილი