“ამორალური ქმედებების აღკვეთის” მიზნით ინტერნეტის აკრძალვის შესახებ ბრძანების გაცემის შემდეგ ავღანეთში ინტერნეტზე წვდომა სრულად შეიზღუდა, შეფერხებებია მობილურ მომსახურებასა და ტელემაუწყებლობაშიც.
ინტერნეტ-მონიტორინგის სერვისის, Netblocks-ის ინფორმაციით, ავღანეთში “ინტერნეტის მიწოდება სრულად შემწყდარია”.
გამოცემა BBC ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მცხოვრებ ადამიანებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქში ინტერნეტმა მუშაობა გუშინ, 29 სექტემბერს ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:00 საათზე შეწყვიტა.
ადგილობრივი მედია ასევე წერს, რომ პრობლემა ქაბულის აეროპორტიდან ფრენებსაც შეექმნა. ფრენების მონიტორინგის ვებგვერდის, Flightradar24-ის ცნობით, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში, სულ მცირე, 8 ფრენა გაუქმდა.
BBC-სთან საუბრისას დიპლომატებმა თქვეს, რომ ავღანეთში ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვას ქვეყნის საბანკო სისტემაზე შეიძლება ჰქონდეს გავლენა.
გამოცემის მიხედვით, თალიბანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ინტერნეტი “შემდგომ შეტყობინებამდე” გათიშული იქნება.
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს თალიბანმა ჩრდილოეთ ავღანეთის დიდ ნაწილზე ინტერნეტზე წვდომის აკრძალვის ბრძანება გასცა. თალიბანის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი “ამორალური ქმედებების აღკვეთაა”, თუმცა დეტალები არ არის დაკონკრეტებული.

















