ამომრჩევლის „ფილოსოფია“ და „პატარა ბერიას“ ფიქრები: გავიზრდები და ზარქუასაც მოვკლავ და  ხარჩილავასაც!?

„ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში ან უშუალოდ, ანდა თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში.“

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, 21-ე მუხლი

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე – რას ვხედავთ, რა ვიცით,  და რას უნდა ველოდოთ.

საქართველოს დამოუკდებლობის გამოცხადებიდან 106 და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წლის შემდეგ, ვხედავთ – მოსახლეობის დიდ ნაწილს „სისხლი სწყურია“. ვიცით, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის – „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“.

საბჭოთა კავშირიდ დაშლიდან 33 წლის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ასე აზროვნებს-  „ან იქით, ან აქეთ! მესამე გზა არ არსებობს“. მეფესთან ერთად ხალხიც შიშველია – ეს არის სამწუხარო რეალობა. და ამ ყველაფერში „მთავარი დამნაშავე“ მარკ ელიოტ ცუკერბერგია. ის რომ არა, ჩვენ არ გვეცოდინებოდა ამდენი „დანოსჩიკი“ „იუზერი“  (მომხმარებელი) თუ დადიოდა ამ „ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტოვან“, ღვთისმშობლის წილხვედრ  ქვეყანაში (2018 წელს, სინოდმა, 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დაადგინა).

ჯერ საარჩევნო კაბინის „რახარუხსა“ და „თავზე გადამტვრევამდე“ ადრეა, სამაგიეროდ, უკვე 6 თვეზე მეტია (ამ პერიოდში გაძლიერდა განსაკუთრებით) ქართველთა სიტყვა ცას შეჩუხჩუხებს და სამართალს არ ითხოვს.

აი, რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის „მწერალმა“ ლეკვებმა (ვისაც სიტყვა – ლეკვი, არ მოგწონთ, „ვეფხისტყაოსნიდან“ ამოიღეთ  „ლეკვი ლომისა სწორია“… და ჩვენ, თქვენი ეგოს დასაკმაყოფილებლად, დავწერთ – „მწერალი ბოკვერები“),  სამი დღის წინ „ხელისგულზე“ რომ ატარებდნენ ჯგუფს „მგზავრები“, ერთი ხელის მოსმით გაატანეს მეწყერს. პოლიტიკურმა მჯღაპნელებმა, მომღერლებს გარეგნობა, განათლება და სიმღერა რომ დაუწუნეს, ეს არაფერია – გემოვნების ამბავია, მაგრამ ფეისბუკში, კვირაში, სულ ცოტა 10-ჯერ რომ აქვეყნებენ  მარიამ ღვთისმშობლის ლოცვას და წილხვდომილობას ხშირ-ხშირად გვახსენებენ „სატანის მოციქულებს“, შვიდივე ბრუნვაში აგინეს დედა, ცოლ-შვილი იმ ბიჭებს, რომელთაც უკვე მთელ მსოფლიოს მოასმენინეს და ბევრი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, აამღერეს – „საქართველოა, საქართველოა, საქართველოა“. ამ „ძალიან მართლმადიდებელმა“ და „ბეჭამოვარდნილმა პირადმა შემადგენლობამ“ არ იცის უფლის სიტყვამ, რომ ბილწსიტყვაობა უმძიმესი ცოდვაა და მით უმეტეს, დედის გინება, რომელიც წმინდა მარიამის გინების ტოლფასია.

მაგრამ აბა სხვა რა გზა ჰქონდათ? ნაწილმა დაასკვნა, რომ „მგზავრები“ „ჩვენთან არ არის“ და მათთვის, ვინც ჩვენთან არაა, ის ჩვენი მტერია. ამიტომ „ზემოდან“ „ხსნილია“.

რამდენიმე დღეა, სალომე სამადაშვილის დეიდას, 75 წლის ქალს, დედას, ბებიას, პედაგოგს, რომლის ლექციების დროს აუდიტორია სავსეა და რომელიც თავის სტუდენტებს ძალიან უყვართ, „განაჩენი გამოუტანეს“. სამადაშვილის დეიდასთან ერთად „დასაჯეს“ სტუ-ის რექტორი, რომელმაც ღვაწლმოსილი პედაგოგი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა, ოღონდ არა „დღეს და გუშინ“, 2023 წლის დეკემბერში. ვფიქრობთ, ზედმეტია დავწეროთ, რატომ გაახსენდათ ახლა ეს ფაქტი და ისიც ზედმეტია ვთქვათ, რომ, მაგალითად, თუ ვახსენებთ ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ან ირაკლი კობახიძის მამას (რომელიც ყველაზე მდიდარი ქართველი პენსიონერისგან განსხვავებით, იარაღით ხელში დაუპირისპირდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას და მაშინ გასროლილმა ტყვიამ, სისხლით გაჟღინთა ქართული მიწა), „მწერალი“ ლეკვები „ხმაურით“ წალეკავენ სოცქსელს – მამა რა შუაშია შვილთან, შვილი – მამასთან,  მოხუცს რამე რომ მოუვიდეს და ასე შემდეგ. აი, დეიდა, რომელიც თავის სტუდენტებს ლექციაზე პოლიტიკაზე არ ელაპარაკება, თავზე არავის ახვევს თავის შეხედულებებს, რა შუაშია დის შვილის პოლიტიკურ არჩევანთან და რატომ არიან  ღარიბაშვილის, კობახიძის ან სხვა ქოცის მამები (და მამაც)  ხელშეუხებელი მოხუცები, სხვები კი „დასახვრეტნი“, ამ ერთუცნობიანი განტოლების ამოხსნას, ვფიქრობთ, არ სჭირდება დიდი ფიქრი. აი, დასაფიქრებელი კი ნამდვილად არის სამადაშვილის აკადემიკოსი დეიდა რატომაა „კომპრომატი“?!

ეს ორი ფაქტი რამდენიმე დღეა „პირველი გვერდიდან“ არ ჩამოდის და და ეს ორი ფაქტი არის საფუძველი იმისა, დავფიქრდეთ რამდენი ემომრჩეველია გაჟღენთილი ევროპელი ჰიტლერის და ადგილობრივი ბერიას სულისკვეთებით. რამდენი ემომრჩეველი შეგვიძლია „მივუშვათ ღუმელთან“ და რამდენი დაატრიალებს საქართველოში 1937 წლის „კარუსელს“! ესაა, და არა მხოლოდ ეს, დასტური იმისა, რამდენად ფარისეველი გახდა ერი, რამდენად მიუღებელია მისთვის განსხვავებული აზრი. ახლა სხვა მაგალითებს გავიხსენებ.

წალენჯიხა, ჩემი მშობლიური ადგილი არის და ასეც რომ არ იყოს, წალენჯიხა ნათელი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს ამომრჩეველი (ადამიანი, ზოგადად).

მოგეხსენებათ, 2021 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად წალენჯიხის მერი გახდა  გიორგი (გია) ხარჩილავა, ხოლო საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან არის ირაკლი ზარქუა. ზარქუა წალენჯიხელია. პოლიტიზირებული ამომრჩევნის „მოსაზრებებს“ თუ გავითვალისწინებთ, ირაკლი ზარქუას წალენჯიხის „მოქალაქეობაზე“ უარი უნდა ეთქვა. ზარქუა „ქართული ოცნებაა“, გია ხარჩილავა ოპოზიციონერი მერი. ქვეყნის „პატრიოტი“ კი ასე უნდა ფიქრობდეს – სადაც „ვინც ჩვენთან არაა“ მან მოიგო არჩევნები, იმ „შემოხაზულიდან“ „ის ჩვენი მტერი“ ან უნდა გავაძევოთ, ან თავად უნდა გავქრეთ „არენიდან“. და, რაკი, ზარქუა ხარჩილავას ვერ გააქრობდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომი მიწის ერთი ნაგლეჯიდან, თავად უნდა გამქრალიყო. აი, ასე ფიქრობს ერის ნაწილი და ასე რომ ფიქრობს, ამის მაგალითები უხვადაა სოცქსელში. მაგრამ რა გააკეთა ზარქუამ? როგორც ევროპული „გაგების“ ადამიანს შეჰფერის ისე მოიქცა, ოპონენტს პოლიტიკურ ჭრილში, კამათის დროს ეკამათება, მაგრამ ერთი წამითაც არ მიუტოვებია თავისი მშობლიური კუთხე. გულწრფელად თუ ვიტყვით, ზარქუამ არ დატოვა თანამდებობის პირი, ვისაც საკითის გადაჭრა შეუძლია, ვინც წალენჯიხაში არ ჩამოიყვანა. მარტივად რომ ვთქვა, სამთავრობო ლიდერები დაახვია თავს წალენჯიხას და ძალიან ხშირად თავი მთავრობის სხდომაზე მგონია.

სხვათა შორის, სწორედ გია ხარჩილავაა იმის ნათელი მაგალითი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ ამომრჩეველი თუ იაქტიურებს, გაყალბების ბერკეტები ვერ მუშაობს. მთავარია, რამდენად მოახერხებს ოპოზიცია, თავი მოაწონოს ამომრჩეველს. წელს წალენჯიხაში ის ვითარება აღარაა, რაც წინა წლებში, თავისუფლების ჰაბად წოდებულ ქალაქში არჩევნების სუსის აგენტების გარეშე გაიმართება. ასე არ სჯობს? იარონ ამ მინისტრებმა რეგიონებში, პრობლემებს ადგილზე გაეცნონ, ელაპარაკონ ხალხს. წალენჯიხის წყალი გადასხმოდეს ყველა ქალაქს და დეპუტატებმა, თუ დელეგატებმაც აიღეთ მაგალითი, ამჯერად, კი, ბატონო, ზარქუასგან, ხალხთან პირადად სიარული და ხალხთან პირადად საუბარი ბევრად ეფექტურია, ვიდრე სუს-ის კუნთმაგარი ბიჭების მიგზავნა.

მჯღაპნელი ლეკვები აუცილებლად იტყვიან, რატომ ახლა ზარქუაო? იმიტომ, რომ მედალს ორი მხარე აქვს. იმიტომ, რომ ვინც წალენჯიხაზე რამეს გააკეთებს ყველას მომხრე და გულშემატკივარი ვიქნები. არ აქვს მნიშვნელობა ქოცი იქნება თუ ნაცი, გახარია თუ ლელო. 1937 წელი არ დგას, უაპელაციოდ გავასამართლო ვინმე, თუნდაც ის, ვისი პოლიტიკური პლატფორმა არ მომწონს. ესაა თანამდეროვე მიდგომა, გარეთ 21-ე საუკუნეა და არა გასული საუკუნის 30-იანი წლები. წინ უნდა წავიდეთ, წინ!

ამ მჟღაპნელებმა არ იციან, როგორც ჩანს, თორემ, როგორ აპატიებდნენ ირაკლი ზარქუას გია ხარჩილავას (რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და რომ არ ჩანდა, მჯღაპნელებმა უკადრებელი იკადრეს, ისეთები დაწერეს სოცქსელში) კლინიკაში მონახულებას. დიახ, ირაკლი ზარქუა პირველი იყო, ვინც გია ხაჩილავა საავდმყოფოში მოინახულა.

უფლის სიტყვა ასეთია: „თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც. რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც? ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც? მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა“. მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხს ეს არ ესმის. ხალხი ფარისევლად ჩამოყალიბდა. ფარისევლობა კი მართლმადიდებლობაში ერთ-ერთ მძიმე ცოდვად ითვლება. და ამიტომაც, ნაცის მომხრეს არ უყვარს ზარქუა, ქოცის მომხრეს – ხარჩილავა. სიყვარული კი არა, ზოგიერთი წალენჯიხელი, ყოველდღე რომ იყო „არასკამოსან“ ხარჩილავას სახლთან ატუზული, ჰარიქა, გვიშველეო, ისინი დღეს პოსტივიში რეკავენ და „დანოსებს“ აწვდიან. აი, ესაა დღევანდელი ამომრჩევლის სახე. არადა, ღვთისმშობლის წილხვედრიო, გულზე მჯიღის კვრით გაჰყვირიან. სირცხვილია!

პ.ს.

არჩევნებამდე დარჩეულ 6 დღეში, „თაიმერი“, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, მისცემს საშუალებას გამოიყენოს „თაიმერის“ პლატფორმა ამომრჩევლამდე ხმის მისატანად.

და, როცა ვწერთ, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ვაძლევთ საშუალებას, ცხადია, უსასყიდლოდ, ვგულისხმობთ, ყველას, გამონაკლისის გარეშე.

მჯღაპნელთა წასაკითხ-გასაგებად. ჩვენს ინიციატივას რამდენიმე არსებითი მიზეზი აქვს:

  1. ყველა პარტია საუბრობს იმაზე, რომ ეს გადამწყვეტი არჩევნებია;
  2. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ მოსახლეობას ან ვერ აწვდნენ ხმას, ან ვერ აწვდენენ სრულფასოვნად. სამწუხაროდ, ე.წ. მსხვილ პარტიებსაც აქვთ ეს პრობლემა.
  3. მოქალაქეების უმრავლესობამ ისიც არ იცის, რომელ პარტიას რა საარჩევნო პროგრამა აქვს და აქვს, თუ არა, საერთოდ.
  4. მოქალაქეების ნაწილმა იმ პარტიების ნომრებიც კი არ იცის სრულად, ვინც არჩევნებში მონაწილეობს.
  5. მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი ამბობს, რომ არ იცის, ვერ გადაწყვიტა ვის უნდა მისცეს ხმა.
  6. იმდენად დიდია იმ ამომრჩევლის რიცხვი, რომელთაც ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სოციალურ ქსელებში, არაერთ ვიდეოს ნახავთ სათაურით – „ვის უნდა მისცე ხმა“.

ამ ძირითადი მიზეზების გამო, „თაიმერი“, როგორც პასუხისმგებლიანი, ადამიანზე და მის საჭიროებებზე მორგებული მედია, ნებისმიერ პარტიას აძლევს შანსს გააცნოს ამომრჩეველს სამოქმედო გეგმა.

 

 

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: არც შევარდნაძის დროს არც სააკაშვილის დროს არ მდგარა დღის წესრიგში საკითხი – რუსეთი თუ ევროპა, თავისუფლება თუ მონობა ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენა ბიძინა ივანიშვილმა
შემდეგი სტატიადღეს დაგეგმილ პროევროპულ მარშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უერთდებიან