Amnesty-მ აშშ-ს კოალიცია 1600 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვაში დაადანაშაულა

ავიადარტყმების შედეგად, რომელსაც საერთაშორისო კოალიცია ანხორციელებდა აშშ-ს მეთაურობით ჯიჰადისტური დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ქალაქ რაკაში, უფლებადამცველების თქმით, 1600 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – ამის შესახებ ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც 25 აპრილს გამოქვეყნდა ლონდონში. მისი ავტორი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი და ბრიტანული არაკომერციული ორგანიზაცია Airwars-ია, რომელიც საერთაშორისო საჰაერო ომს აკვირდება “ისლამური სახელმწიფოსა” და სხვა დაჯგუფებების წინააღმდეგ ერაყში, სირიასა და ლიბიაში.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს კოალიციის ავიადარტყმები “ისლამური სახელწმიფოს” წინააღმდეგ, ხშირად არ იყო წერტილოვანი, მრავალრიცხოვანმა დაბომბვებმა კი მასშტაბური ნგრევები გამოიწვია, ამიტომ, “გასაკვირი არ არის, რომ შედეგად მოკლულ და დაჭრილ იქნა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე”. კოალიციის დაბომბვის შედეგად რაკაში 11 ათასი შენობა დაინგრა – “დოიჩე ველე” წერს.

დოკუმენტში მაგალითად მოყვანილია 2017 წლის 25 სექტემბრის საღამოს დაბომბვა, რომლის დროსაც ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაინგრა. მის სარდაფში ოთხი ოჯახი აფარებდა თავს. დაბომბვის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 20 ბავშვი. დოკუმენტში მოყვანილია დაბომბვას ცოცხლად გადარჩენილი ქალის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ “თვითმფრინავები ბომბავდნენ და რაკეტები 24 საათის მანძილზე ფეთქდებოდნენ. ყველგან “ისლამური სახელმწიფოს” სნაიპერები იყვნენ, ხალხი ძლივს სუნთქავდა”. ქალმა დაკარგა ყველა – ქმარი, შვილები, დედა და და. აშშ-ს კოალიციის მოქმედების კომენტირებისას მან იკითხა: “მათი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეების განთავისუფლება არ იყო?”

უფლებადამცველები თითქმის ორი წელი სწავლობდნენ აშშ-ს, ბრიტანეთის და საფრანგეთის ავიაციის მოქმედებებს რაკაში. იწერდნენ ინტერვიუებს, თანამგზავრიდან იღებდნენ ფოტოებს, მიდიოდნენ დანგრეულ რაიონებში და ვიდეოებს აანალიზებდნენ. კოალიციამ რაკა 2017 წლის ოქტომბერში დაიკავა. მანამდე, თითქმის ოთხი წლის მანძილზე, იქ ჯიჰადისტები იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაში1915 წელს თურქეთის ტერიტორიიდან სომხების მასობრივი დეპორტაცია გამართლებულია
შემდეგი სტატია10 უკრაინელი ბავშვის საქმეზე დააკავეს ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მათი დედაა