Amnesty International – მიუხედავად მრავალგზის დაპირებებისა, საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ვერ უზრუნველყო

საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ვერ უზრუნველყო და ადამიანის უფლებების დარღვევებისათვის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დაუსჯელობა შენარჩუნდა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების შესახებ Amnesty International-ის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში მოხვდა „ბირჟა მაფიის“, 2016 წლის 8 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის და სხვა საქმეები.

“მიუხედავად მრავალგზის დაპირებებისა, ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ვერ უზრუნველყო და ადამიანის უფლებების დარღვევებისათვის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დაუსჯელობა შენარჩუნდა. ივნისში, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ნაცვლად, ხელისუფლება პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნის წინადადებით გამოვიდა, რომლის მანდატადაც სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება დასახელდა.

ივნისში ჰიპჰოპ დუეტის „ბირჟა მაფიის“ ორივე წევრი ნარკოტიკული საშუალებების
ფლობის ბრალდებით დააკავეს, რასაც მათი მხარდასაჭერი დემონსტრაციები მოჰყვა. დაკავებული მუსიკოსები აცხადებდნენ, რომ სამართალდამცავებმა მათ ნარკოტიკები პოლიციელის გამშარჟებელი მუსიკალური კლიპის გადაღებისათვის შურისძიების მიზნით ჩაუდეს. მუსიკოსების თქმით, მათ დაკავებას პოლიციის მხრიდან ვიდეოს წაშლის თაობაზე მუქარის შემცველი მოთხოვნები უძღოდა წინ. საპროსტესტო აქციებს „ბირჟა მაფიის“ წევრების წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოჰყვა.

მუსიკოსების ბრალდების საფუძველზე, პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელიც წლის ბოლოს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

ივნისში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა პოლიციელი, რომელსაც ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა ედებოდა. საქმე 2016 წლის 8 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს სოფელ დაფნარში მომხდარ 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობას ეხება. პროკურატურის სარჩელი რამდენიმე მტკიცებულებას ეყრდნობოდა: დემურ სტურუას წერილი, სადაც ის თვითმკვლელობამდე მიყვანაში პოლიციის თანამშრომელს ბრალს ღიად დებს; ცხედრის ექსპერტიზის შედეგები, სადაც ძალადობის კვალი დასტურდება; ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ ისვამს პოლიციელი მანქანაში დემურ სტურუას მისი თვითმკვლელობის დღეს; და სატელეფონო ზარების ამონაწერი. საქმეში არსებული მტკიცებულებები გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოს გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასეს. პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა“, – ნათქვამია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშისაბჭო გადაწყვეტილებას იღებს არაფორმალურ შეკრებებზე და აფორმებენ ამას საბჭოს სხდომებზე-მშვენიერაძე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაAmnesty International – მუხთარლის ბრალდებების შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო, გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის