6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

“Amnesty International-მა თაღლითის სახელი დაიმკვიდრა”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა თაღლითის სახელი დაიმკვიდრა.

პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, სადაც მან Amnesty International-ს „თაღლითური ორგანიზაცია“ უწოდა.

საქართველოს პარლამენტის სპიკერის თქმით, ორგანიზაცია თაღლითობის გზაზე ჯერ კიდევ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისას დადგა:

„ის, რომ Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე იყო დამდგარი, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო. Amnesty International-ის ცილისმწამებლური განცხადებიდან სულ რამდენიმე კვირაში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ის, რასაც ეს ორგანიზაცია აცხადებდა, იყო თაღლითური ტყუილი“, — წერს შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სააკაშვილს არა თუ პატიმრობიდან გათავისუფლება, არამედ სხვა საავადმყოფოში გადაყვანაც კი არ სჭირდებოდა, რის შემდეგაც „სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დახსნის ოპერაცია ჩავარდა“.

შალვა პაპუაშვილის გამოხმაურებას წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ 8 ოქტომბერს ლისაბონში გაკეთებული განცხადება.

პორტუგალიელმა ჟურნალისტმა რუბიოს კითხვა დაუსვა პორტუგალიის ლაჟესის (Lajes) ავიაბაზის გამოყენებასთან დაკავშირებით და Amnesty International-ის განცხადება დააციტირა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „პორტუგალიამ მხარი არ უნდა დაუჭიროს ომის დანაშაულებს“.

პასუხად, მარკო რუბიომ ორგანიზაციას „თაღლითური“ უწოდა და აღნიშნა, რომ Amnesty International-ი ირანული რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე უნდა იყოს ფოკუსირებული

banner
წინა სტატიაში შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
შემდეგი სტატიამასუდ პეზეშკიანი დსთ-ის სამიტზე “დსთ+1” ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოვიდა