ამირან სალუქვაძე:რუსეთ-თურქეთის სამიტის მოლოდინები

ა,მალბათ, აგვისტოს ცხელ დღეებში, განსაკუთრებით, როცა 2008 წლის ომის გახსენებაა ძირითადი ემოცია, ამ სტატიის წერას არ დავიწყებდი რომ არა ორი მიზეზი: 1. ჩვენთან რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე, მათ შორის მოსალოდნელ სამიტთან დაკავშირებით, ზედმეტად გადაჭარბებული პროგნოზები გაკეთდა დაწყებული მათ შორის შესაძლო ომის გაჩაღებიდან, სუ-24-ის ჩამოგდების ფონზე, დამთავრებული სტრატეგიული პარტნიორობით, თურქეთის პრეზიდენტის ბოდიშის მოხდის შემდეგ. 2. ცვლილებები თურქეთის როგორც ზოგადად საგარეო, ასევე რეგიონულ პოლიტიკის სტრატეგიაში.

სუ-24-ის ჩამოგდების ინციდენტის შემდეგ ბევრი სტატია, სტატუსი თუ კომენტარი დაიწერა რუსეთ-თურქეთს შორის შესაძლო კონფლიქტის შესაძლებლობაზე. როგორც ვხედავთ კონფლიქტური სიტუაცია დიპლომატიური და ეკონომიკური ზომებით შემოიფარგლა. როგორც გვახსოვს, რუსეთმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო, რუსეთის ლიდერის დავალებით რუსეთის ტურისტულ სააგენტოებს მკაცრი ინსტრუქცია მიეცათ თურქეთში ტურიზმის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ასევე, მისივე დავალებით, რუსეთის მთავრობამ მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა თურქეთს.

ნუთუ სანქციებისგან მიღებული დანაკარგების გამო მოიხადა ბოდიში ამბიციურმა თურქეთმა და ამაყმა რეჯეპ ტაიპ ერდოღნამა?

როგორც გამოქვეყნდა, თურქეთმა საკმაო ეკონომიკური ზარალი განიცადა, ოღონდ არა ისეთი დამანგრეველი, რომ სიამაყის ხერხემალი გადაეტეხა წელში. სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისგან მიღებულმა ზარალმა დაახლოებით 350 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ტურიზმისგან – დაახლოებით 800 მლნ დოლარზე მეტი, შესაძლოა მილიარდამდე. რა თქმა უნდა ეს დიდი თანხაა, თუმცა, გასულ წელს თურქეთის ტურიზმისგან შემოსავლებმა შეადგინა 31,3 მლრდ დოლარი. აქედან რუსეთის წილზე მოდიოდა მხოლოდ 1,9 მლრდ დოლარი. როგორც ჩანს ეს არც ისე დიდი წილია. დიდი ზარალი მიადგა თურქულ სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც რუსეთში საქმიანობდნენ. სახელდება 50-60 მლრდ დოლარი, თითქოს ამ ოდენობის ხელშეკრულებები იყო გაფორმებული.

რუსეთმა ასევე შეაჩერა „თურქული ნაკადის“ და ატომური ელექტრო სადგურის პროექტებზე მუშაობა.

როგორც ჩანს, ეკონომიკის განხრით არაა საუბარი ისეთ დანაკარგებზე, რომელთა გამო თურქეთი უკან დაიხევდა.

ტურიზმს რაც შეეხება, პრობლემა არა იმდენად რუსი ტურისტების შემცირების, არამედ უსაფრთხოების გამო შეიქმნა. გახშირებული ტერაქტები, საომარი მოქმედებები თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით და სირიაში თურქეთის საზღვართან, ყოველივე ეს მწვავედ აისახა თურქეთის ტურისტულ ინდუსტრიაზე.

თუ სამშენებლო კომპანიების შესაძლო დანაკარგებს არ ჩავთვლით, სხვა მიმართულებით ეკონომიკური დანაკარგები, კონკრეტულად რუსეთის სანქციების გამო, სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენდა. მაშ რა ხდება?

როგორც ჩანს, თურქეთის ხელისუფლებამ მთავარი საშიშროება, კონკრეტულად შიდა უსაფრთხოების კუთხით დაინახა.

საავიაციო ინციდენტის შემდეგ, რუსეთმა დაიწყო აქტიური საომარი და მტრული რიტორიკა. რუსეთის ლიდერები ღიად საუბრობდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა სსრკ-ს დაშლის შემდეგ შეწყვიტეს ქურთული სეპარატიზმის მხარდაჭერა (ისე, მაშინ უარყოფდნენ. როგორ ავიწყდებათ ხოლმე) და პირდაპირ აცხადებდნენ, რომ მომავალში აქტიურად დაუჭერდნენ მხარს ქურთულ მოძრაობას.

ამავე პერიოდში, თავისით, თუ გარე ზეგავლენის შედეგად, გააქტიურდა ყარაბაღის კონფლიქტი, რომლის ერთპიროვნულ მეხანძრედ რუსეთი მოგვევლინა, რამაც გამოამჟღავნა თურქეთის ზეგავლენის შესუსტება კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. მანამდე ეს მოხდა ყირიმში. რუსეთი აქტიურად ებრძვის თურქულ გავლენას ოკუპირებულ აფხაზეთშიც.

ნიშანდობლივია, რომ თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე რუსეთის პირველი პირი ბაქოში გაემგზავრა და ჯერ ცალ-ცალკე, ხოლო შემდეგ ერთად შეხვდა აზერბაიჯანისა და ირანის ლიდერებს.

აღნიშნული სამიტის შედეგად ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც საუბარია, რომ მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას წინ დაუდგნენ ტერორიზმს, ექსტრემიზმს, ტრანსნაციონალურ დანაშაულებებს, იარაღის უკანონო ბრუნვას, ნარკოტრაფიკს, ტრეფიკინგს და დანაშაულებებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სფეროში.

მხარეები ასევე აღნიშნავენ, რომ მოუგვარებელი კონფლიქტები ხელს უშლიან რეგიონის სტაბილურობას და რეგიონულ თანამშრომლობას.

რუსეთ-თურქეთის შეხვედრის წინა, რა თქმა უნდა, თურქეთის მხარის საფიქრალს წარმოადგენს თუ რა საუბრები და მოლაპარაკებები იყო კულისებს მიღმა, რაც დეკლარაციაში არ მოხვედრილა.

ეს საკითხი ასევე დიდ საფიქრალს აძლევს სომხეთს. თუ გავითვალისწინებთ ბაქო-მოსკოვის იარაღით ვაჭრობას, რუსეთის ლიდერების განცხადებებს ყარაბაღთან მიმართებაში, რომლებიც სომხეთის პოზიციას ეწინააღმდეგება, ასევე კრემლის რუპორის, ვ. ჟირინოვსკის ბოლო ინტერვიუს, ბაქოს სამხრივი სამიტი ოფიციალურ ერევანს სიმშვიდეს ნამდვილად არ მატებს.

დავუბრუნდეთ ერდოღან-პუტინის შეხვედრას რუსულ-თურქული ურთიერთობების ჭრილში.

ამ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა (დამეგობრება), მიუხედავად უამრავი ერთობლივი პროექტისა და გარკვეული საკითხების იძულებით შეჯერებისა, შეუძლებლად მიმაჩნია. მათ იმდენად ურთიერთსაპირისპირო ინტერესები გააჩნიათ, რომ საავიაციო ინციდენტის გარეშეც წარმოუდგენელია მათი სტრატეგიული პარტნიორების რანგში განხილვა.

7-თვიანი დიპლომატიური და ეკონომიკური ომის შემდეგ ჯერ საწყის, ანუ ურთიერთობებისკონფლიქტამდე პერიოდის დონეზე დაბრუნებას საკმაო დროს მოანდომებენ.

ორი ლიდერის შეხვედრა პომპეზურობით იქნება გამორჩეული, თუმცა საკითხავია რომელი ლიდერი უფრო მოიგებს საკუთარი მოსახლეობის თვალში. რუსეთის პრეზიდენტმა, იმის მიუხედავად, რომ სუ-24-ის ჩამოგდებას მხოლოდ დიპლომატიური და ეკონომიკური ზომების დაპირისპირება შესძლო, თურქეთის პირველი პირის ოფიციალური ბოდიშის შემდეგ შიდა ბაზარზე უკვე მიიღო საკმაო დივიდენდები.

ორი პრეზიდენტის შეხვედრას არა ანქარაში ან სხვა ქალაქში, არამედ მოსკოვში, რუსული საინფორმაციო მანქანა ისე წარმოადგენს, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პუტინს კრემლში ეახლა. რამდენად თავისთვის მომგებიანად წარმოაჩენს თურქეთის მხარე აღნიშნულ საკითხს, სამიტის შედეგებიდან გამოჩნდება.

სხვათაშორის, ვ. პუტინის ჩვევებს თუ გავიხსენებთ, გამორიცხული არაა შეხვედრაზე დაიგვიანოს, ან სხვა დიპლომატიური ფოკუსი ჩაატაროს.

რაც შეეხება განხილულ საკითხებს, მათ დაგროვილი პრობლემების უზარმაზარი სპექტრი ექნებათ განსახილველი.

პირველი და რუსეთისთვის პრინციპული, თურქეთისთვის მტკივნეული, ესაა დაღუპული ეკიპაჟის ოჯახისთვის, ასევე დაკარგული თვითმფრინავის კომპენსაციის საკითხი. ალბათ თურქეთის პრეზიდენტი კომპენსაციის გადასახდელად უკვე მზადაა და ეს ხმამაღლა გაჟღერდება, რადგან დანარჩენი საკითხები ზუსტად რომ კომპენსაციის თემაზე იქნება მიბმული.

დანარჩენ საკითხებს მოკლედ ჩამოვთვლი.
– თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, როგორც ინციდენტამდე იყო. არ ველოდები, რომ რუსეთმა ეს სწრაფად გადაწყვიტოს, თუ რაიმე სხვა საფასური არ მიიღო
– თურქეთის სოფლის მეუნეობის პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაშვება. რუსეთი აცხადებს, რომ ეს ეტაპობრივად მოხდება საკუთარი მწარმოებლი ინტერესების გათვალისწინებით. ევროპული სანქციების ფონზე რუსეთმა მოახერხა იმპორტის ჩანაცვლება სხვა ქვეყნებიდან, ასევე უზრუნველყო საკუთარი წარმოების სტიმულირება. ამიტომ, ეს საკითხი გაცილებით მწვავეა თურქეთისთვის, ვიდრე რუსეთისთვის.
– თურქეთის ნაკადის პროექტზე მუშაობის განახლება. ეს საკითხი თურქეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
– ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის განახლება.
– მძიმე მოლაპარაკებები სირიის საკითხში. ერთ-ერთი რთულად შესათანხმებელი საკითხი იქნება ბაშარ ასადის ბედის განხილვა.
– რუსეთის მხრიდან ქურთული სეპარატიზმის მხარდაჭერის აღკვეთა.
– ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა საკითხების განხილვა და ძველ დონემდე აღდგენა.
– მთიანი ყარაბაღის საკითხი და სხვა.

ვფიქრობ, ერთი სამიტისთვის საკმაოდ დიდი დღის წესრიგია. რუსეთი ვაჭრობის და დიდი დივიდენდების მირების გარეშე არცერთ საკითხს არ დასთმობს. იმის პროდნოზირება, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული რთულია. რამდენადაც კარგად არ უნდა მომზადდეს ვიზიტი, შესაძლოა მოლაპარაკებების მსვლელობისას ბევრი საკკითხი შეიცვალოს.

გასათვალისწინებელია, რომ ბაქოს სამხრივი სამიტის შემდეგ, პუტინი ერდოღანს უფრო აქტიურ პოზიციაში ხვდება და მას გარკვეული კოზირები ექნება, შესაძლოა გადამალული კარტებიც ჰქონდეს სახელოში.

რა თქმა უნდა იქნება ხმაურიანი გაბნცხადებები ორთავე მხრიდან, რომლებიც უფრო როგორც მათი ქვეყნების შიდა მოხმარებისთვის, ასევე სხვადასხვა მისამართით იქნება მიმართული.

რაც შეეხება საქართველოს საკითხს და ჩვენს მოქმედებებს. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებებს, რომ რუსეთ-თურქეთი კავკასიასთან მიმართებაში მოილაპარაკებენ და ჩვენ ცუდ დღეში აღვმოჩნდებით. ჩვენ ისედაც ვართ რთულ ვითარებაში და ყოველთვის ვიყავით. მაგრამ არა მგონია, რომ საქართველოს საკითხი ორილ ლიდერის შეხვედრის დღის წესრიგში რაიმე ფორმით არსებობდეს. შესაძლოა არაფრომალური საუბრებისას რაიმე საკითხებს შეეხონ. მაქსიმუმი, რაც შეიძლება იყოს, ერთმანეთის რეაქციები მოსინჯონ საქართველოს ხსენებაზე, დავუშვათ მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების ჭრილში და შემოიფარგლონ მორიგე ფრაზებით: „მნიშვნელოვანია არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს“. სხვა რა უნდა განიხილონ არ ვიცი.

ასეთია ხვალინდელი დღის მოლოდინი. რა იქნება ზეგ, ამ ტემაზე ხვალ ვისაუბროთ.

ამირან სალუქვაძე
ბრიგადის გენერალი
ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) მიხეილ სააკაშვილი მეგრელებს მიმართავს
შემდეგი სტატიასოფელ ზვარეში ჩინურ კომაპანიაში დასაქმებული ასამდე მუშა გაიფიცა