ამირან სალუქვაძე: როცა ყველა დანაშაული ფიქსირდება, რა თქმა უნდა, სტატისტიკა იმატებს

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. სალუქვაძე ამბობს, რომ გარკვეული მიმართულებებით კრიმინალი მართლაც მომატებულია, სტატისტიკა რა თქმა უნდა შეცვლილია და მეთოდიკაც შეცვლილია. აბსოლუტურად ყველაფერი, ნებისმიერი ზარი აღრიცხვა ხდება და ეს რა თქმა უნდა, დადებითია. მიჩქმალვას ყოველთვის სჯობს, რომ საზოგადოებამ იცოდეს რეალური სურათი და როცა ყველაფერი ფიქსირდება, რა თქმა უნდა, სტატისტიკა იმატებს.

„მიზეზი ბევრია, უამრავი რამ შეიძლება ჩამოითვალოს. პირველ რიგში დავიწყებ შინაგან საქმეთა სამინისტროთი. მე არ ვთვლი, რომ რაღაც სერიოზულად გაუარესდა იქ საკადრო პოლიტიკა, პროფესიონალიზმი და ა.შ. იგივე ხალხი მუშაობს, ვინც ადრე მუშაობდნენ, მაგრამ არის რაღაც გარემოებები საზოგადოებაში, რომელიც ზეგავლენას ახდენს ამ ყველაფერზე. ერთ-ერთი იყო ამნისტია, შემდეგ აბსოლუტურად გაუაზრებელი შეწყალების პოლიტიკა, რაც გატარდა ბოლო 4 წლის განმავლობაში, 3500 თუ 4000 ადამიანი იქნა შეწყალებული, ჯერ ერთი საერთოდ გამჭვირვალედ არ ხდებოდა ეს ყველაფერი, მეორეც, რამდენიმე ხმაურიანი შეწყალება გაიგო საზოგადოებამ და ყველა ეხებოდა კრიმინალს, ანუ ადამიანები, რომლებმაც არ მოიხადეს არათუ ნახევარი, არამედ ზოგი საერთოდ ახალგასამართლებული იყო, ეს სტატისტიკა ცალკე შესასწავლია, დახურულია, მაგრამ ის ფაქტები, რაც გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, მიგვანიშნებს, რომ ძალიან ბევრი კრიმინალი იქნა ვადაზე ადრე გამოშვებული. ანუ პოლიცია დასდევს, შემდეგ სასამართლო ასამართლებს და ვიღაც მასობრივად, კონვეირულად გარეთ უშვებს. მესამე ფაქტორია არასრულწლოვანთა დანაშაულები, ძალიან მომატებულია. აქ საზოგადოება შეიძლება წავიდეს გამკაცრებაზე, მაგრამ სხვა რეალობა და უკუშედეგი შეიძლება მივიღოთ, მე პირადად არ ვარ მომხრე, რომ 10-12-14 წლის ბავშვები ციხეში ჩავყაროთ. ეს ცალკე საფიქრალი თემაა და მთელ მსოფლიოსი ამას როგორც წესი მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურები ვერ უმკლავდებიან, ასევე საზოგადოების ჩართულობაა საჭირო, სკოლა, ოჯახი, მედია და ა.შ. ჩვენ ამ კუთხით საერთოდ საინფორმაციო სივრცეში და სოციალურ სივრცეში აბსოლუტურად არაფერს არ ვაკეთებთ, აბსოლუტურად არაფერს. პროფილაქტიკის გარეშე თუ ვინმემ სადმე, რომელიმე ქვეყანაში წარმატებას მიაღწია, მე არ ვიცი, პროფილაქტიკა უნდა იყოს N1 და მეორე არის უკვე სამართალდამცავი უწყებები. მოქმედებს ასევე ეკონომიკური ფონი, რომელიც საერთოდ არ ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს. გარკვეული მიმართულებებით კრიმინალი მართლაც მომატებულია, სტატისტიკა რა თქმა უნდა შეცვლილია და მეთოდიკაც შეცვლილია. აბსოლუტურად ყველაფერი, ნებისმიერი ზარი დარღვევაზე ყველასი აღრიცხვა ხდება და ეს რა თქმა უნდა, დადებითია. მიჩქმალვას ყოველთვის სჯობს, რომ საზოგადოებამ იცოდეს რეალური სურათი და როცა ყველაფერი ფიქსირდება, რა თქმა უნდა, სტატისტიკა იმატებს. მთავარია, გახსნის პროცენტები როგორ არის, არის რთულად გასახსნელი დანაშაულები და არის დანაშაულები, რომელიც რამდენადაც რთული არ უნდა იყოს, მაინც იხსნება. რაც შეეხება მძიმე დანაშაულებს, მე რაც ვნახე სტატისტიკა, გახსნის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია და ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს მატება, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. საჭიროა, პირველ რიგში კვალიფიციური ანალიზი და შესაბამისად, ზომების მიღება ამ მიმართულებით და მთელი საზოგადოების, ეს არ უნდა იყოს რაღაც ნიშნისმოგების თემა და პარტიების ერთმანეთთან დაპირისპირების. მეორე, რა თქმა უნდა, პროფილაქტიკა, პროფილაქტიკაში უნდა იყოს ჩართული მთელი საზოგადოება და ყველა სფერო, როგორც სამართალდამცავები, ასევე, სკოლა, ოჯახი, მედია, სოციალური მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები. პროპაგანდა უნდა მიდიოდეს ნორმალური, საღი, ჯანსაღი ცხოვრების და არა კრიმინალის. როცა ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო უძლურია კრიმინალის წინააღმდეგ, ამით რას ვაკეთებთ კარგს? გავაქცევთ დავუშვათ ერთ შინაგან საქმეთა მინისტრს, მოვა მეორე და გავაგრძელებთ იგივეს“ – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

banner
წინა სტატიაშიამირან სალუქვაძე: ზედმეტი აჟიტირებით კრიმინალის პოპულარიზაცია უფრო ხდება
შემდეგი სტატიაყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება საბაზისო ხელფასი