ამირან სალუქვაძე: დღეიდან ყველა დარღვევა, რომელიც საოკუპაციო საზღვართან მოხდება, დაკავშირებული არა ცხინვალის მარიონეტებთან, არამედ რუსეთის სახელით იქნება

კრემლის მორიგ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში.

კრემლის გადაწყვეტილებამ ცხინვალთან სამხედრო შეთანხმების გაფორმების და ე.წ. სამხედრო ძალების გარკვეული ქვედანაყოფების რუსეთის არმიის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ, დიდი გამოხმაურება ჰპოვა ჩვენს საზოგადოებაში, უამრავი განცხადება გაკეთდა. მეც შემოგთავაზებთ გარკვეულ მოსაზრებებს.

დავიწყებ იქედან, რომ ეს ყველაზე უჭკუო გადაწყვეტილებაა, რაც რუსეთს მიუღია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რომელიც ჩვენთვის უფრო დადებითია, ვიდრე უარყოფითი.

თუ ჩვენ არ გვჯერა და არაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ტერიტორიები მოსახლეობასთან ერთად დავიბრუნოთ, მაშინ აეს გადაწყვეტილება ჩვენთვის არაფერს ცვლის.

თუ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საქართველოს ერთიანობას აღვადგენთ, მე მაქვს იმედი, რომ ასეც მოხდება, მაშინ ეს გადაწყვეტილება მომგებიანია.

უფრო კონკრეტულად.

1. დღეიდან ყველა დარღვევა, რომელიც საოკუპაციო საზღვართან მოხდება, დაკავშირებული არა ცხინვალის მარიონეტებთან, არამედ რუსეთის სახელით იქნება

2. დეოკუპაციის შემდეგ ადგილობრივი ფორმირებები დასაშლელი აღარ იქნება, ან გაყვებიან საოკუპაციო ძალებს, ან დაიწყებენ სამოქალაქო ცხოვრებას.

თუ იმის იმედი არ გვაქვს, რომ დეოკუპაციას მოვახდენთ, რა აზრი აქვს ერთმანეთის ლანძღვას და აბსუოლუტურად არაფრის მომცემი განცხადებების კეთებას? რაიმე სარგებელი მოაქვს?

ძალიან მაინტერესებს სხვა ძალა რომ ყოფილიო ხელისუფლებაში რას მოიმოქმედებდა? ან წინა ხელისუფლებას ომის შემდეგ 4 წელი ჰქონდა და რა ზომები მიიღეს დეოკუპაციისათვის და იმ საერთაშორისო აქტიურობამ, რაც იმ წლებში იყო, რა შედეგები მოგვცა?

ამოვიდა ყელში ეს უაზრო ხმაური. აგვისტოს ომამდე 2-3 თვით ადრე გარკვეულ თანამდებობის პირებს წერილი მივწერე რა მდგომარეობაში იყო ჯარი და გავაფრთხილე წინასაომარ საშიშროებასთან დაკავშირებით. მიიღეს ზომები?

აღარ მინდა ძველი სტატიების და პირადი მიმოწერების გახსენება. თუმცა არ მოვეშვები იმის გამეორებას, რომ, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, აგვისტოს ომი, მისი გამომწვევი მიზეზები, სახელმწიფოს მზადყოფნა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება, ასევე საბრძოლო მოქმედებების წარმოება ჩვენ სიღრმისეულად უნდა გავაანალიზოთ, გამოვავლინოთ ნაკლოვანებები და ვიმუშაოთ მის აღმოფხვრაზე. 2008 წლიდან დღემდე ამ კუთხით არაფერს ვაკეტებთ.

პირიქით, უკვე 12 წელია არ სრულდება ე.წ. რეფორმები, ვამცირებთ ჯარს, ვყრით პროფესიონალებს…

ამიტომ, უკვე მერამდენე ბლოგში ვწერ, ორ საკითხზე, ესენია ტერიტორიული მთლიანობა და საგარეო პოლიტიკა, მთელი პოლიტიკური სპექტი უნდა დაჯდეს, მოილაპარაკოს და დასახოს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს, რომელსაც სახელმწიფო არ გადაუხვევს და ამ გზაზე ყველანი ერთმანეთის მხარდამჭერები ვიქნებით.

უნდა შედგეს ასეთი დისკუსია. მასში მთელი საზოგადოება და ამ საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი უნდა ჩაერთოს. ჩვენ კი მოსმენებზე და საკონსტიტუციო მოწყობაზე ვასკდებით ერთმანეთს

ვაფასებ რა ჩვენს პოლიტიკურ გარემოს, ასეთი შეთანხმების იმედი არ მაქვს. შესაბამისად კრემლის ასეთ განცხადებებზე ყველანაირი პოლიტიკური განცხადებები, და ბრალდებები არაფრის მომტანია. ორ დღეში პუტინის ეს გადაწყვეტილება არავის ემახსოვრება.

ამირან სალუქვაძე
ბრიგადის გენერალი
ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში

banner
წინა სტატიაშიშეინიშნება ძალიან ბევრი რუსული მეთოდი ევროპისკენ სვლაში
შემდეგი სტატიაელისო კილაძის შვილის ემოციური სტატუსი