ამირან სალუქვაძე:”უნდა მოხდეს საქართველოს მთელი ტერიტორიის, მათ შორის ყარაბაღის მიმართულებაზე, ოპერატიული დარაიონება”

ამირან სალუქვაძე:

saluqvadzeსიტუაცია მთიან ყარაბაღში.
დაძაბულობის ესკალაციის შესაძლებლობა.
ჩვენი საექსპერტო საზოგადოების რეაქცია.
რეკომენდაციები ხელისუფლებას

მთიან ყარაბაღში ვითარება პერიოდულობით იძაბება ხოლმე და ეს ყოველთვის გარკვეულ მოვლენებს უკავშირდება. ორმხრივი სროლები კონფლიქტის საზღვარზე ყოველთვისაა, თუმცა დღევანდელი შეტაკებების მასშტაბები საკმაოდ სახიფათო და ფეთქებადია.

მედია და ექსპერტები ყურადღებით უნდა მოეკიდონ ტერმინებს. დღევანდელი დაძაბულობა არ გვაძლევს იმის მტკიცების საბაბს, რომ ვისაუბროთ საომარი ან საბრძოლო მოქმედებების განახლებაზე.

რა ინფორმაციები გავრცელდა დღისით? ორთავე მხარე ავრცელებდა ინფორმაციებს მეორე მხარისთვის მიყენებული დიდი ზიანის და დანაკარგების (100, 200 სამხედრო მოსამსახურის) შესახებ. რეალურად გავრცელდა რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის გვამების ვიდეო მასალა, სომხეთის მხარემ აღიარა 18 ჯარისკაცის დანაკარგი. ჩამოგდებულია ასევე უპილოტო საფრენი აპარატი და გავრცელდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის საშუალო დაზიანების კადრები.

ამიტომ, ჟურნალისტები, საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები მეტი კორექტულობით უნდა მოეკიდნონ ტერმინების შერჩევას. ასევე, მედია საშუალებებმა ყურადღებით უნდა შეარჩიონ სტატიების სათაურები. მაგალითად, როცა რომელიმე მხარის საიტზე დაყრდნობით სტატიას აქვეყნებთ სათაურით: „მტერმა გამოიყენა ავიაცია, არტილერია…“ რომელმა მტერმა? ჩვენს მედიას მონიტორინგს უკეთებენ ორთავე სახელმწიფოს წარმომადგენლები და ასეთი სათაურები გაუგებრობებს გამოიწვევს. ეს აღმული იქნება, თითქოს ქართული მედია რომელიმე მხარეს მტრად აღიქვამს.

დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ორთავე სახელმწიფოს ლიდერთა მუქარის შემცველი განცხადებები, რაც არახალია და ასეთ ვითარებაში სრულიად ბუნებრივი.

წინა დაძაბულობას ადგილი ჰქონდა შემოდგომით, რაც ასევე პროგნოზირებადი იყო რუსეთის მიერ სირიაში სამხედრო კამპანიის დაწყების შემდეგ.

ყველასათვის ცნობილია, რომ ვერც აზერბაიჯანი და ვერც სომხეთი, დამოუკიდებლად საომარ მოქმედებებს ვერ განაახლებენ. საბრძოლო მოქმედებების დაწყება უნდა აწყობდეს ან რუსეთს, ან თურქეთს, ან მესამე ძალას.

რა თქმა უნდა, რუსეთი დაინტერესებულია კავკასიის დაბრუნებით, თუმცა, ჯერ-ჯერობით ყარაბაღის კარტის გათამაშებით კავკასიაში სამხედრო იტერვენციის ინდიკატორები მკვეთრად გამოკვეთილი არაა.

რუსეთი ეიფორიაშია სირიის წარმატების ფონზე. დასავლურ მედიაში (მათ შორის გავლენიან გამოცემებში, „ფიგარო“, „ნიუორკ თაიმსი“ და სხვა) რუსეთის საქებარი სტატიები იბეჭდება. შედგა მაღალი დონის ვიზიტები, კერძოდ ჯონ ქერის ვიზიტი მოსკოვში. ყირიმის თემა მივიწყებულია. აშშ აცხადებს სანქციების მოხსნის შესაძლებლობაზე „მინისკი-2“-ის შესრულების შემთხვევაში. ეს კი რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რუსეთი კი ვერ შესძლებს დასავლეთისგან ფარულად ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივებას.

ამ ეტაპზე, ხაზს ვუსვამ, ამ ეტაპზე, რუსეთს წესით ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები არ უნდა აწყობდეს. ბოლო წლების კონფლიქტებს (აგვისტოს ომი, უკრაინასთან დაპირისპირება) წინ უძღოდა სერიოზული საინფორმაციო მხარდაჭერა, მეტიც, საინფორმაციო ომი, რასაც დღეს ვერ ვხედავთ. რა მოხდება ხვალ, ან ზეგ, ამას მომავალი გვიჩვენებს, ოღონდ ეს იქნება ხვალ და არა დღეს.

ისევე როგორც რუსეთი, თურქეთიც შეიძლება იყოს ყარაბაღის კარტის გათამაშებაში დაინტერესებული, მაგრამ ასევე გააჩნია როდის.

თურქეთი საკმაოდ წამგებიან სიტუაციაშია. სირიის კონფლიქტი ვითარდება მეტწილად რუსული სცენარით. ცუდი ვითარებაა უსაფრთხოების თვალსაზრისით თურქეთის შიგნით: გაშხირებული ტერორისტული აქტები, შეტაკებები ქურთ მოსახლეობასთან. რთული ვითარების დადასტურებაა თურქეთიდან აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების ევაკუაცია.

თურქეთის პრეზიდენტს საკმაოდ დაძაბული მოლაპარაკებები ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან, რომელთა ორგანიზება თურქეთის ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევის შედეგად შესძლო. ამ შეხვედრებზე,დიდი ალბათობით, რამდენიმე სიტყვით ყარაბაღის კონფლიქტსაც შეეხებოდნენ.

თურქეთი მზად რომ იყოს რუსეთთან დასაპირისპირებლად ნებისმიერ თეატრზე, პირველ რიგში სირიაში არ დათმობდა პოზიციებს. ნიშანდობლივია, რომ თურქეთში დაკავებული იქნა პირი, ალპარსლან ჩელიქი, რომელმაც ჩამოგდებული სუ-24-ის ეკიპაჟი დაცხრილა ჰაერში, რასაც ალბათ არავინ მოელოდა.

თუ ზემოთ აღწერილი ლოგიკა სწორია, მაშინ, სანამ რუსეთის და თურქეთის შეკავება შეუძლია დასავლეთს, კერძოდ აშშ-ს, რუსეთიც და თურქეთიც საბრძოლო მოქმედებების განახლებას მხარს არ დაუჭერენ. მათი მხარდაჭერის გარეშე კი აზერბაიჯანი და სომხეთი ომს ვერ დაიწყებენ.

რაც შეეხება ამჟამინდელი დაძაბულობის გამომწვევ მიზეზებს. ჯერ ერთი, არ შეიძლება წლების განმავლობაში მიმდინარე გამალებულ შეიარაღებას, ორთავე მხრიდან, „ორთქლის გამოშვება“ არ მოჰყვეს. მეორეც, როგორც რუსეთი, ასევე თურქეთი, ცდილობენ პერიოდულად შეახსენონ რეგიონს, მსოფლიოს, რომ მათ გააჩნიათ ინტერესები და გავლენა კავკასიაში. და მესამე, შიდაპოლიტიკური ვითარება და საკუთარ მოსახლეობაზე გათვლილი ქმედებები.

პროგნოზების გაკეთება საერთოდ რთულია და ეს არაა ყავაზე მკითხაობა. უბრალოდ, ხელმისაწვდომი ინდიკატორებით, ამჟამად და უახლოეს პერსპექტივაში, საომარი მოქმდებების განახლებას არ ველოდები. რა შეიცვლება 2017 წლიდან, მომავალი გვიჩვენებს. როგორც მოგეხსენებათ შემოდგომით ახალი ადმინისტრაცია ეყოლება აშშ-ს, რომელიც მუშაობას ახალი წლიდან შეუდგება. ახალ პარლამენტს აირჩევს საქართველო. ეს არჩევნები რუსეთის სტრატეგიის განმსაზღვრელი იქნება კავკასიაში.

რამდენიმე აბზაცით ექსპერტთა/ანალიტიკოსთა გარკვეულ მოსაზრებებთან დაკავშირებით.

თვეების განმავლობაში დაკავებული ვიყავით კიბერტერორიზმით და კოალიციის დაშლა-არმოშლით. როცა თოფი გავარდა, ყველა დასწრებაზე იყო ვინ დააანონსებდა პირველი ფართომასშტაბიან კონფლიქტს.

ეს ჩვეულებრივი ამბავია მთელ მსოფლიოში და დაუსაბუთებელი პროგნოზიც („შესაძლოა ომი დაიწყოს“), გემოვნების ამბავია.

მაგრამ ორი რამ არ მომწონს: პირველი, როცა ხელისუფლებას უყვებიან შესაძლო პრობლემების ჩამონათვალს და არ სთავაზობენ ამ პრობლემების მოგვარების გზებს და მეორე, როცა ჩვენ თვითონ ვაგორებთ მტრისთვის სასარგებლო და ჩვენთვის წამგებიან თემებს.

მაგალითად, „ხელისუფლებას მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, დაუშვებს თუ არა რუსეთის ან სხვა ქვეყნების მხრიდან საქართველოს ტერიტორიის (ხმელეთი, ზღვა, ჰაერი) გამოყენებას ლოგისტიკის ან სხვა მიზნებისთვის (გავაერთიანე რამდენიმე კითხვა)?

გასცა ამ კითხვას ხელისუფლებამ პასუხი: არ დაუშვებს! მერე რა?

ასევე სახიფათოა საუბრები რუსეთის მხრიდან რაღაც გზების გაჭრაზე, გახლეჩაზე და ა.შ. ეს ხომ ანა-ბანაა? ნუთუ ფიქრობთ, რომ ვინმე გარედან მიხვდა ამ უმარტივეს მზაკვრობებს და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების ანალიტიკოსები ვერ ხვდებიან?

მე დღეს, დღევანდელი სტატუსით შემიძლია ვისაუბრო, როგორც ფიზიკურმა პირმა, რადგან აღარ მბოჭავს სამსახურეობრივი ვალდებულება. ამიტომ, მინდა განვუცხადო მოსახლეობას, რომ ყველა სამსახური, მათ შორის ის, რომელშიც ბოლო 7 წელი ვმსახურობდი, მუდმივად აკვირდება პროცესებს. დრევანდელი სიტუაციის პროგნოზებიც საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო. თუ ეს ანალიზები არ ქვეყნდება (და არც უნდა ქვეყნდებოდეს), ხომ არ შეიძლება საუბარი, რომ არავინ ფიქრობს?

კიდევ ვიმეორებ, ყველაფერი გემოვნების ამბავია. მე მხოლოდ ერთი რამ მაწუხებს – წამგებიანი თემების აგორება, თემად ქცევა ისეთი საკითხის, რომლის აჟიტირებას მხოლოდ საფრთხე მოაქვს, სარგებელი კი არანაირი. ასეთი თემების აგორებაში რუსი ანალიტიკოსები ხელფასს იღებენ.

არათუ ამ ხელისუფლებას, ყარაბაღის კონფლიქტიდან დღემდე არცერთს არ გაუკეთების ის რაც უნდა გაკეთდეს გარკვეული პრობლემების თავიდან ასაცილებლად კონფლიქტის განახლების შემთხვევაში. ამიტომ, სანამ გვაქვს დრო, ამ საკითხებით სასწრაფოდ უნდა დავკავდეთ.

ერძოდ, უნდა მოხდეს საქართველოს მთელი ტერიტორიის, მათ შორის ყარაბაღის მიმართულებაზე, ოპერატიული დარაიონება და შემდეგ ამ რაიონების ოპერატიული მოწყობა. რა შედის ოპერატიულ მოწყობაში აღწერას არ შევუდგებით. ეს არაა მტრული ქმედება.

ტერიტორიების სათანადოდ მოწყობის ძირითადი მიზანებია საბრძოლო მოქმედებების დროს მეზობელი ქვეყნების ქვედანაყოფების არამტრული ზრახვებით, მეორე მხარის ზეწოლის შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოლახვის არდაშვება, ასევე ლტოლვილთა შეკავება და მათი ლოკალიზება საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

რაც შეეხება საქართველოს დიპლომატიურ ძალისხმევას, ის მიმართული უნდა იყოს არა მხოლოდ შუამავლობისკენ. საქართველოს ყველა სტრუქტურამ, რომლებსაც ეს ხელეწიფებათ, აქტიურად უნდა იმუშაონ საერთაშორისო საზოგადოებასთან რათა არ მოხდეს ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივება.

იმედს გამოვთქვამ, რომ მალე დაიწევს დუღილის ტემპერატურა კონფლიქტის ზონაში და კავკასიაში ისევ მშვიდობა დაისაკუთრებს.

ბოლოს მინდა მივუსამძიმრო როგორც სომეხ, ასევე აზერბაიჯანელ ხალხს შეტაკებების შედეგად გამოწვეული დიდი მსხვერპლის გამო, ვუთანაგრძნო დაღუპულთა ოჯახებს და მოთმინება ვუსურვო მათ.

ამირან სალუქვაძე
ბრიგადის გენერალი

banner
წინა სტატიაშიმეც „მზის შვილი“ ვარ!–პატარა სოფოს დიდი ოცნებები
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი:”ჩვენს ამ საყოველთაო ღლიცინში საქართველოს დიდი საფრთხე უახლოვდება”