ამირან გულუაშვილი – ჩვენი მიზანი არა ნიკა მელიას დაპატიმრება, არამედ მართლმსაჯულების პროცესის სამართლებრივ ჩარჩოებში წარმართვა იყო

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, მათი მიზანი არა ნიკა მელიას დაპატიმრება, არამედ მართლმსაჯულების სამართლებრივ ჩარჩოებში წარმართვა იყო. როგორც გულუაშვილი ამბობს, საკომიტეტო ფორმატში, ასევე პლენარულ სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე დეტალურად ისაუბრებენ.

„ერთადერთი მიზეზი და საფუძველი, რის გამოც ამ წინადადების წარმოდგენა და ამ პროცედურების წარმართვა ხორციელდება, არის ძალიან მარტივი გარემოება, რომ ნიკანორ მელიას არ სურს, მასზე დაკისრებული გირაოს გადახდა. ამ საკითხს სხვა სამართლებრივი მოცემულობა არ აქვს. ჩვენი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა ნიკანორ მელიას დაპატიმრება. ჩვენი მიზანი იყო მართლმსაჯულების პროცესი წარმართულიყო სამართლებრივ ჩარჩოებში და მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო ადეკვატური აღმკვეთი ღონისძიება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში იყო გირაო. ის ფაქტი, რომ პარლამენტი იმსჯელებს ამ საკითხზე, შედეგია ნიკანორ მელიას ქმედების, რომელსაც უბრალოდ არ სურს, გირაოს თანხის გადახდა. რაც შეეხება პროცედურებს, ყველა არგუმენტი, რომელიც უკავშირდება მოთხოვნას და ჩვენს წინადადებას, დეტალურად იქნება წარმოდგენილი როგორც საკომიტეტო ფორმატში, ასევე პლენარულ სხდომაზე. კითხვა იმის თაობაზე, რატომ არ მოხდა ბრალდების მხარის მიერ თავდაპირველად პატიმრობის გამოყენება, ალბათ, უპრეცედენტო მოცემულობასთან გვაქვს საქმე, როცა ბრალდების მხარე საუბრობს ლმობიერ დამოკიდებულებაზე ბრალდებულის მიმართ და დაცვის მხარე ითხოვს, რატომ არ მოახდინა პროკურატურამ დაპატიმრება. ყველა ამ საკითხზე დეტალურად ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე, საგამოძიებო უწყების მიერ დაყენებული შუამდგომლობის განსახილველად პარლამენტში იმყოფება პროკურორი ამირან გულუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიამირან გულუაშვილი – ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუა რა მას
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით