“იგი არის მხნედ. იმყოფება იგივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ნებისმიერი სხვა პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე, რაიმე კონკრეტული გზავნილი, ან მესიჯი, მით უფრო საზოგადოებისთვის გადასაცემად ნამდვილად არ დაუბარებია.
ველოდებით იმ პროცედურების გავლას, რა პროცედურებიც მსგავსი ტიპის პატიმარს ახასიათებს, ვგულისხმობ პირველადი საკითხების გადაწყვეტას. დამოკიდებულება მის მიმართ არის ნორმალური. როდესაც მოხდა პოზიციების შეჯერება ბრალდების მხარესთან, მაშინ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ეს დადგენილი წესია და ბევრ სხვა საქმეში მსგავსი პრაქტიკა არსებობს, მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკება მხარეებს შორის, შედგება შეთანხმება და შესაბამისად, თუკი ბრალდებულისთვის ცხადია, რომ ის საპატიმრო სასჯელს მოიხდის, ლოგიკაც არის იმაში, რომ რაც ადრე შევა საპატიმრო დაწესებულებაში და ადრე დაიწყებს სასჯელის მოხდას, ადრე დატოვებს მას,-განაცხადა ღარიბაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ.
ღარიბაშვილი გუშინ დააპატიმრეს. მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. დამატებით, 1-მილიონ ლარიანი ჯარიმა, ჩამოერთვა 2 მანქანა და მისი სახლიდან ამოღებული ფული.
















