ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების შედეგი უნდა იყოს ის, რომ 3 კვირის შემდეგ ყოველდღიურად არ იყოს 5-6 ათასი შემთხვევა

ექიმები ყოველთვის უფრო რადიკალურები ვართ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ადამიანთა ყოფა, მათი შემოსავალი და ვნახოთ ე.წ. ოქროს შუალედი. ამ შეზღუდვების შედეგი იქნება ის, რომ 3 კვირის შემდეგ ინფიცირებულთა დღიური რიცხვი არ უნდა გაიზარდოს 5-6 ათასამდე, მაგრამ ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ 3-4 ათასიდან ათას შემთხვევაზე ჩამოვალთ, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„​პანდემიასთან ბრძოლაში რომელიმე ერთი მიდგომა – მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება, ან მხოლოდ შეზღუდვები, ან კიდევ სხვა მექანიზმები ცალკე აღებული შედეგს არ მოგვცემს. ყველაფერი უნდა იყოს ერთიანად, მაგრამ საჭიროა ბალანსი. ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც, გაზაფხულზე ჰქონდა უფრო მკაცრი შეზღუდვები, როცა ადამიანები გარეთ არ გამოდიოდნენ. შემდეგ მთელმა მსოფლიომ შეცვალა სლოგანი და განაცხადა, რომ მეცნიერები ელოდნენ, რომ როგორც სხვა რესპირაციული ინფექციები, ზაფხულში გაქრებოდა, ეს მოლოდინი არ გამართლდა. ​კოვიდ-19 აღმოჩნდა უფრო ბევრად ვერაგი, ვიდრე ფიქრობდნენ მეცნიერები გაზაფხულზე, ამიტომ შეიცვალა სლოგანი. როცა დავინახეთ, რომ კორონავირუსი 3-5 თვეში არ გაქრებოდა, განვაცხადეთ, რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. ამიტომ სრული ჩაკეტვა ჩვენთან აღარ იქნება, მაგრამ აუცილებლად იქნება გაფართოებული შეზღუდვები. დღეს მოქმედი ყველა მოქმედი შეზღუდვა გაფართოვდება. მიმდინარეობს მსჯელობა, დღეს საღამოს კიდევ იქნება კონსულტაციები ბიზნესთან და სხვა სექტორებთან. ეს ყველაფერი საერთო კონსენსუსის საფუძველზე უნდა ხდებოდეს. ექიმები ყოველთვის უფრო რადიკალურები ვართ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ადამიანთა ყოფა, მათი შემოსავალი და ვნახოთ ე.წ. ოქროს შუალედი. ამ შეზღუდვების შედეგი იქნება ის, რომ 3 კვირის შემდეგ ინფიცირებულთა დღიური რიცხვი არ უნდა გაიზარდოს 5-6 ათასამდე, მაგრამ ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ 3-4 ათასიდან ათას შემთხვევაზე ჩამოვალთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: პიკში შევედით და ეს პიკი გაგრძელდება, თუ ზომები არ გამკაცრდება
შემდეგი სტატიათიბისის ბიზნეს კლუბი – ბიზნესის მხარდაჭერის ახალი პლატფორმა