ამირან გამყრელიძე – საქართველო კვლავ არის უსაფრთხო ზონაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ინციდენტობის მაჩვენებელი ბოლო ორი კვირის განმავლობაში 100 000 კაცზე 2,3 მეათედს შეადგენს, ე.წ. ზღურბლი კი ხუთამდეა.

გამყრელიძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ჯერ კვლავ უსაფრთხო, ანუ მწვანე ზონაშია. თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, განსხვავებული მონაცემია აჭარაში, სადაც ორი კვირის განმავლობაში საშუალო ინციდენტობა დაახლოებით 14-ის ფარგლებშია.

აქედან გამომდინარე, გამყრელიძე ამბობს, რომ მეტი ყურადღება მიმართულია სწორედ აჭარის რეგიონისკენ, რათა აჭარიდან ინფექცია სხვაგან არ გავრცელდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ქვეყანაში და განსაკუთრებით აჭარაში ახალი შემთხვევების ზრდა, ე.წ. ინციდენტობის მაჩვენებელი, რომელიც ერთ-ერთი საზომი ბარამეტრია, რაც ნიშნავს, რომ 100 ათას მოსახლეზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევები ჯერ 2,3 მეათედი გვაქვს. ჩვენი ე.წ. ზღურბლი არის ხუთამდე.

ეს ნიშნავს, რომ საქართველო არის ისევ და ისევ უსაფრთხო, ანუ მწვანე ზონაში, მაგრამ რეგიონალური მაჩვენებლები ცოტა სხვა გვაქვს. აჭარაში ეს გაცილებით მაღალია, სადღაც 14-ის ფარგლებში გვაქვს ორი კვირის განმავლობაში საშუალო ინციდენტობა.

ამიტომაც, რა თქმა უნდა, მეტი ყურადღება და ღონისძიება ტარდება აჭარის რეგიონში, რომ ინფექცია არ იქნას გატანილი აქედან, მინიმიზაცია გავაკეთოთ უკვე სხვა რეგიონებში ინფექციის ექსპორტის, ბათუმში მოვახდინოთ ლოკალიზება (ძირითადად მაინც ბათუმია) ინფექციისა და გავწყვიტოთ ე.წ. გადაცემის ჯაჭვი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ დროულად მოვახდინოთ ეპიდაფეთქების კუპირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე ბათუმში ჩავიდნენ
შემდეგი სტატიამსახიობ გიორგი გურგულიას ცოლი ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს