ამირან გამყრელიძე : რესპირაციული ვირუსების სეზონი უფრო აქტიურ ფაზაში შედის, ამიტომ ყველა პრევენციული ზომის დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება უნდა გახდეს სრულიად მანდატორული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, ცირკულაციაში უკვე გამოჩნდა ბ გრიპის ვირუსიც.

ამიტომ, გამყრელიძე მოსახლეობას წესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს. გამყრელიძის თქმით, პირბადის ტარება სრულიად მანდატორული უნდა გახდეს. ამასთან, გამყრელიძე ყურადღებას ამახვილებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე და მოქალაქეებს, მათ შორის ორსულებს მოუწოდებს, გრიპზე აიცრან.

„მინდა, გავიმეორო ორი გზავნილი. პირველი – რესპირაციული ვირუსების სეზონი უფრო აქტიურ ფაზაში შედის, ამიტომ ყველა იმ პრევენციული ზომის დაცვა, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, პირბადის ტარება უნდა გახდეს სრულიად მანდატორული. მანდატორული არის ოფიციალურად, მაგრამ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ დეკემბერში, იანვარში, თებერვალში აუცილებელია ყველგან პირბადის ტარება, ის დაგიცავთ გრიპისგან, დაგიცავთ კოვიდისგან. ვიმეორებ, ჩვენ დღეს პირბადის გამოყენების მაჩვენებელი უკვე 65 პროცენტზე გვაქვს, თუ ამას ავიყვანთ 95 პროცენტზე, სერიოზულად შემცირდება კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა და, შესაბამისად, ვიქნებით დაცული გრიპისგან.

ამასთან, გთხოვთ, ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობით, რაც გვაქვს გრიპთან მიმართებაში, სახელმწიფოს ვაქცინა საკმარისია და მიბრძანდნენ ისინი, ვინც არიან რისკ ჯგუფებში. რისკ ჯგუფები კიდევ უფრო გაფართოვდა, დაემატა მასწავლებლები, 65 წელს ზემოთ ადამიანებს უკვე მოეხსნათ აუცილებლობა, რომ ქრონიკული დაავადებები გაქვს თუ არა, ყველას შეუძლია მიბრძანდეს და აიცრას, ჯერ კიდევ არის ვაქცინის მარაგი. ასევე, ვთხოვ თითოეულ ორსულ ქალბატონს, რომ აიცრან გრიპის საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : ამ ეტაპზე კოვიდკლინიკებში 446 თავისუფალი ადგილია
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : საქართველოში ექიმების დეფიციტი იყო პანდემიამდეც, ამ დეფიციტს ვერც ექვს თვეში და ვერც ერთ წელში ვერ დავძლევთ