ამირან გამყრელიძე – ქვეყანაში ტესტირება დაახლოებით რელიგიის 3 000 მსახურს ჩაუტარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ისევე როგორც სხვა ჯგუფებს, რელიგიის მსახურებს გარკვეული პერიოდულობით კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ. მისი თქმით, როგორც აქვს ინფორმაცია, დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ტესტირება ჩაუტარდა დაახლოებით რელიგიის 3 000 მსახურს.

გამყრელძის განმარტებით, ტესტირება ძირითადად ანტიგენზე დამყარებული ტესტებით ხორციელდება, ხოლო გარკვეული პერიოდულობით ტარდება „პისიარ“კვლევაც.

„მოგეხსენებათ, რომ ამ წლის დასაწყისიდან ე.წ. სისტემურად ტესტირებულთა ჯგუფებს დაემატა რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის მაგალითად, სისტემურად იტესტებიან ტაქსის მძღოლები, გარკვეული პერიოდულობით, იგივე ღია ბაზრობების მოვაჭრეები. ასევე, იყო მოლაპარაკება როგორც მართლამდიდებელ ეკლესიასთან, ისე სხვა კონფესიებთანაც, რომ რელიგიის მსახურებს გარკვეული პერიოდულობით ჩაეტარებინათ ტესტირება.

აქედან გამომდინარე, ეს მიმდინარეობს ყოველდღიურად, თუ არ ვცდები, დღეის მონაცემებით, სადღაც რელიგიის 3 000 მსახურია ქვეყანაში დატესტილი, ეს ძირითადად ხდება ანტიგენზე დამყარებული ტესტებით, ხოლო გარკვეული პერიოდულობით ასევე ტარდება „პისიარ“ კვლევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ საპატრიარქოს, გამყრელიძის განმარტებით, გუშინდელი ფართომასშტაბიანი ეპიდკვლევა და ტესტირება წლის დასწყისში საპატრიარქოში დადებითი შემთხვევით იყო განპირობებული.

„რაც შეეხება თვითონ საპატრიარქოს, მოგეხსენებათ, რომ გუშინდელი ფართომასშტაბიანი ეპიდკვლევა და ტესტირება განპირობებული იყო დადებითი შემთხვევით, რომელიც გვქონდა წლის დასწყისში საპატრიარქოში.

გუშინ ჩვენმა ეპიდემიოლოგთა ჯგუფმა იმუშავა, ჩაატარეს ღრმა ეპდიომიოლოგიური კვლევები ყველასთან, ვინც იყო ამ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში და შესაბამისად, აღებული იქნა მათი ბიოლოგიური ნიმუშები „პისიარ“ კვლევებისთვის, დღის ბოლოს ყველა აღმოჩნდა უარყოფითი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის თქმით, მათ შორის ტესტირება ჩაუტარდა პატრიარქსაც და მას ვირუსი არ დაუდასტურდა.

„დიახ, გიდასტურებთ, რომ გუშინ დღის მეორე ნახევარში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქს არაფერი აწუხებს ამ თვალსაზრისით, მაინც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რადგან მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, ასევე ვთვლით, რომ საჭირო იყო მისი გამოკვლევაც. მოველაპარაკეთ პატრიარქს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გამოკვლეულ იქნა პატრიარქი, ისევე როგორც რამდენიმე მაღალი იერარქიის პირი, საბედნიეროდ, პატრიარქი კოვიდუარყოფითია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია
შემდეგი სტატიათეოლოგები იოანე გამრეკელს: თქვენზე უფრო სამარცხვინო მმართველი არასოდეს ჰყოლია ქუთაისის ეპარქიას