ამირან გამყრელიძე: მსოფლიოში კორონავირუსით მილიონ ორასი ათასი ადამიანია გარდაცვლილი და ხალხის დიდ ნაწილს კოვიდის არსებობის ჯერ კიდევ არ სჯერა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსული პანდემიის დაწყებიდან 10 თვის თავზეც პანდემიასთან დაკავშირებით მოქალაქეების თვითშეგნების დონე არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

მისივე თქმით, მსოფლიოში კორონავირუსით მილიონ ორასი ათასი ადამიანია გარდაცვლილი და ამ ფონზე მოქალაქეების დიდ ნაწილს „კოვიდ-19“-ის არსებობის მაინც არ სჯერა.

„პანდემიის დაწყებიდან 10 თვე გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვისწავლეთ, პანდემიასთან დაკავშირებით ზოგადი განათლების და ჩვენი თვითშეგნების დონე მაინც არ არის იმ დონეზე. დღეს ხომ ბევრგან, იგივე თქვენს წრეში, ან თქვენს მეგობრებში გაგიგიათ, რომ ეს ვირუსი არ არსებობს, ჯერ ხალხის ძალიან დიდ ნაწილს კიდევ არ სჯერა. მილიონ ორასი ათასი ადამიანია გარდაცვლილი მსოფლიოში, ამ კვირის განმავლობაში, წინა კვირის განმავლობაში ევროპაში სიკვდილიანობის რაოდენობა 46 პროცენტით არის გაზრდილი.

მიუხედავად ამისა, ხალხის ძალიან დიდ ნაწილს მაინც არ სჯერა, რომ ეს ვირუსი არსებობს და არ უნდა არც პირბადის ტარება, არც დისტანციის დაცვა, ეწინააღმდეგება იმ რეგულაციებს, რასაც სახელმწიფო აწესებს. ამიტომ პირველ რიგში კონტროლი კიარა თვით კონტროლი, თვითმონიტორინგი უნდა იყოს.

როცა ვამბობთ, რომ ტემპერატურის მომატება კოვიდის ერთ-ერთი პირველი სიმპტომია, არ შეიძლება, ადამიანი ტემპერატურით 3-4 დღის განმავლობაში სამსახურში დადიოდეს.

შეიძლება, ეს ტემპერატურა კოვიდის გამო არ იყოს, მაგრამ თუ კოვიდის გამოა, უკვე ის ავრცელებს ინფექციას. პირველივე სიმპტომებისთანავე, აუცილებელია თვითიზოლაცია, თუ არ გაქვს იზოლაციის საშუალება, სახელმწიფო გეუბნება, რომ გადაგიყვან სასტუმროში, იქ საკვებს მოგცემ, შესაბამისად ვუზრუნველყოფ შენს ცხოვრებას, რომ ინფექცია არ გაავრცელო. ანუ, თვითშეგნებას აქვს დიდი მნიშვნელობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა
შემდეგი სტატია“ლელო”: “ქართული ოცნებას” არჩევნების გაყალბების უფლებას არ მივცემთ