ამირან გამყრელიძე – მივმართავ მშობლებს, სიცხიანი ბავშვი სკოლაში არ გაუშვან, ნებისმიერი რესპირატორული სიმპტომის შემთხვევაში „112“-ზე დარეკონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მშობლებს სთხოვს, სკოლაში სიცხიანი ბავშვი არ გაუშვან და ასევე, სკოლის ადმინისტრაციას მოუწოდებს სკოლებში მუდმივი თერმოსკრინინგი განხორციელდეს.

გამყრელიძის თქმით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის განახლების შემდეგ მობილობა გაიზრდება, ამიტომ თითოეულ მოქალაქეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

„მივმართავ მშობლებს, რომ სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, რომელსაც ტემპერატურის მატება ან რამე რესპირატორული სინდრომი ექნებათ და აუცილებლად გამოიძახონ სასწრაფო ან დარეკონ „112“-ზე. ასევე, ვთხოვ სკოლის ხელმძღვანელებს, რომ იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და მომატებული ტემპერატურით ბავშვი სკოლაში დაშვებული არ იყოს. რაც შეეხება უმაღლესებს, აუცილებელია ყველამ ვატაროთ პირბადე, როგორც ლექტორებმა, ასევე სტუდენტებმა, რადგან პირბადე გახლავთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დაცვის საშუალება ინფექციის გავრცელების და გადადების. ამავე დროს, ზოგადი რეკომენდაციებია, რომ უნდა მუშავდებოდეს და სველი წესით ყოველდღიურად ლაგდებოდეს სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები. აუცილებელია, რომ თავი დავიზღვიოთ ამ დიდი მობილობის პროცესში, როდესაც 120-130 ათასი სტუდენტი წავა უმაღლეს სასწავლებლებში და სამჯერ მეტი მოსწავლე სკოლებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაში“ეს დარიგებული ფული არის ვალი, რომელიც ქვეყანას დაედო და არანაირი კავშირი არ აქვს „ოცნების“ ვითომ „გულუხვობასთან“”
შემდეგი სტატიაცაგერის მუნიციპალიტეტის სამი თემი დღეიდან ჩაიკეტება