ამირან გამყრელიძე: მადლობა მინდა, გადავუხადო ამერიკელ ხალხს

მადლობა ეკუთვნის ამერიკის საელჩოსა და ამერიკელ ხალხს, რომ გვერდში უდგანან საქართველოს და განსაკუთრებით, კრიზისულ სიტუაციებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ დღეს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

 

„ქალბატონმა ელჩმა გააკეთა განცხადება და მინდა, მას მადლობა გადავუხადო. მადლობა მინდა, გადავუხადო ამერიკელ ხალხს. მოგეხსენებათ, საელჩო წარმოადგენს ამერიკის სახელმწიფოსა და ხალხს, რომელიც უწევს უზარმაზარ დახმარებას ჩვენს ქვეყანას. მან გააკეთა სწორედ ის განცხადება, რაზეც მე ვისაუბრე, რომ ეს არის ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს ამერიკის წამყვან ინსტიტუციებთან ჯანდაცვის დარგში, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტთან. სწორედ მათი მხარდაჭერით არის საქართველოში გამართული ეს სისტემა. კიდევ ერთხელ, მადლობა ეკუთვნის ამერიკის საელჩოსა და ამერიკელ ხალხს იმისთვის, რომ ისინი გვერდში უდგანან ქვეყანას და განსაკუთრებით, ყოველთვის კრიზისულ სიტუაციებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ დღეს კრიზისია მთელს მსოფლიოში და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებულია კორონავირუსით, მაინც ეხმარება საქართველოს და გვერდში უდგას.

მან ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის თანამდებობის პირების მიერ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გამოთქმული ეჭვების შესახებ, რომელიც პერიოდულად კეთდება.

„ჩვენ გვაქვს ამერიკული პრაიმერები, გვაქვს ამერიკული ტესტები, ყოველდღე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან არის ურთიერთობები, ვიღებთ რჩევებს, კონსულტაციებს, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას. ჩვენი პარტნიორები ვართ უკვე და არა ისე, როგორც იყო, ერთი იყო „უფროსი ძმა“, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და უნდოდა ჰყოლოდა უმცროსი. არა, ბატონო, აღარ არის ეს უფროს-უმცროსობა, არის პარტნიორული ურთიერთობა. სიამოვნებით, თუ უნდათ პარტნიორული ურთიერთობა, ხშირად მოვიწვიეთ ჩვენ რუსები აქ, რუსი მეცნიერები. იყო კიდეც რამოდენიმე, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამედიცინო-ბიოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ სტუმრად კონფერენციაზე, რომელიც შევიყვანეთ, დავათვალიერებინეთ, ამას ვაკეთებთ, ამ კვლევებს ვატარებთ და ცოტა გაკვირვებული დარჩა, რომ თურმე ქართველებს შეგვძლებია და აღარ არის საჭიროება იმისა, როგორც ადრე იყო, თუ გრიპის დიაგნოზს ვერ სვამდი, უნდა გაგეგზავნა, მაშინ ლენინგრადი ერქვა, სანქტ-პეტერბურგში. ახლა აღარ ვაგზავნით, რადგან აქ ვაკეთებთ. პოლიომიელიტის დიაგნოზისთვის უნდა გაგეგზავნა მოსკოვის პოლიომიელიტის ინსტიტუტში, ახლა აქ დგინდება; წითელა-წითურაზეც უნდა გაგეგზავნა მოსკოვში, ახლა ესეც აქ დგინდება და თუ რამე საეჭვოა, ჩვენთვის არსებობს რეფერალი ლონდონი, ჰელსინკი, აღარ არის ბატონო რუსეთი. ამიტომ არის ბევრი ეს გამაღიზიანებელი ფაქტორი, ის პროვოკაციული გამონათქვამები, რომ თითქოს ჩვენ აქ მეცნიერებით და მედიცინით კი არ ვართ დაკავებული, თითქოს სხვა რაღაცებზე ვფიქრობ და ამას მხარს უბამენ ეს პატარ-პატარა ჯუჯა მათი სატელიტები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ ჰაკერები, უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთში, სხვა ადგილებში, თავს ესხმიან საქართველოსა და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის. მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგელობაა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 156 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიალელა ქაჯაია: დავიწყეთ მუშაობა მორიგ PCR კვლევებზე და გვაქვს სამი რეგიონის პაციენტების ბიოლოგიური მასალა