ამირან გამყრელიძე – კვირაზე მეტია, 25 ათასამდე გრიპის ვაქცინაა შემოტანილი

25 ათასამდე სეზონური ვაქცინაა შემოსული ახლა, რომელიც განაწილებულია კოვიდკლინიკებში. კვირაზე მეტია, ვაქცინა არის და დღევანდელი მონაცემებით, ათვისება მხოლოდ სამიდან სამ-ნახევარ ათასამდეა , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთან, გამყრელიძემ დაასახელა ის რისკჯგუფები, რომლებში შემავალი ადამიანებიც გრიპის სეზონური ვაქცინაციით უნდა აიცრან.

„იმ რისკჯგუფების ჩამონათვალი დიდია, რომლებში შემავალი ადამიანებიც იცრებიან. კვირაზე მეტია, ვაქცინა არის და დღევანდელი მონაცემებით, ათვისება მხოლოდ სამიდან სამ-ნახევარ ათასამდეა. ანუ, იცრებიან ორსულები, სხვათა შორის, ისინი გააქტიურდნენ. იცრებიან ბაღის აღმზრდელები, მოხუცთა თავშესაფრებში მყოფი ადამიანები, ასევე ბავშვთა სახლებში მყოფი ადამიანები, შიდსიანი ავადმყოფები და ჰეპატიტის მკურნალობის ეტაპზე მყოფი ავადმყოფები.

შემდეგ, ზუსტი თარიღი არ ვიცი, მაგრამ შემოდის ვაქცინის 110 000 დანარჩენი დოზა, რომელიც ნაყიდი გვაქვს და კიდევ ვიყიდეთ 100 000 დამატებითი დოზა, იგივე ფრანგული წარმოების ვაქცინა. 100 000 დოზა უნდა შემოვიდეს ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის დასაწყისში. ამ ვაქცინაციით უკვე დიდი რისკჯგუფები უნდა აიცრან. ამ ჯგუფში 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები შედიან, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ასთმა და სხვა დაავადებები აქვთ.

ასევე, კიდევ ერთი ჯგუფია ჩემი კოლეგების, სამედიცინო მუშაკების. დანარჩენ შემთხვევებში, ვისაც სურს, თვის ბოლოდან კერძო სექტორს დაახლოებით 40 000 დოზა ექნება “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – 1 186 ახალი შემთხვევიდან 20-25 პროცენტამდე ექვემდებარება ჰოსპიტალურ მკურნალობას
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – როდესაც არ გვეკუთვნის ჰოსპიტალიზება და ამას მაინც ვითხოვთ, ჩვენ რისკს ვუქმნით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელსაც შეიძლება ეს უფრო სჭირდებოდეს