ამირან გამყრელიძე – ყველა ვცდილობთ, რომ ქვეყანაში აღარ იყოს მძიმე ლოკდაუნი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მკაცრი შეზღუდვების დაწესება არავის სურს, ამიტომ მოქალაქეებმა არსებული რეკომენდაციები უნდა დაიცვან, მათ შორის უმთავრესია პირბადის ტარება და დიდი თავშეყრებისთვის თავის არიდება.

„არავის გვინდა, მკაცრი შეზღუდვების წინაშე დავდგეთ, ამიტომ აუცილებელია, დავიცვათ რეკომენდაციები, პირველ რიგში, პირბადე და ვუთხრათ არა დიდ თავშეყრებს, მნიშვნელოვანია იმუნიზაციის გააქტიურება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ლოკდაუნებისა და შემდგომი შეზღუდვების განხილვა ხდება რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით და ამას არ განსაზღვრავს მხოლოდ დადებითობის მაჩვენებელი.

გამყრელიძის თქმით, მათ შორის ერთ-ერთი ინდიკატორია, თუ როგორია საავადმყოფოების დატვირთვა.

„ლოკდაუნების და შეზღუდვების განხილვა ხდება რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით. ყველა ვცდილობთ, რომ ქვეყანაში აღარ იყოს მძიმე ლოკდაუნი, ეს ძალიან მძიმე იქნება საზოგადოებისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის, ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, ამიტომ დავიცვათ რეკომენდაციები. 4-პროცენტი ჩვენ ზღვარად გვქონდა, როდესაც ზემოდან ქვევით მოვდიოდით, ვამსუბუქებდით, ანუ როცა 4-პროცენტი იყო დადებითობის მაჩვენებელი და ვთქვათ ეს ნარჩუნდება ორი კვირა, მაშინ გაქვს საშუალება, რომ გადადგა შემდგომი ნაბიჯი შემსუბუქებისკენ. ახლა ჩვენ ორი კვირის მაჩვენებელი გვაქვს 2.56 მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ ერთი დადებითობის მაჩვენებლით ვერ იმსჯელებ. აქ აუცილებელია, თუ როგორი გაქვს დატვირთვა საავადმყოფოების, რეანიმაციული განყოფილებების, რესპირატორების. რამდენიმე ინდიკატორია, შემდეგ იმის მიხედვით მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა ვაქცინების შემდგომი დოზების შემოტანის სკითხზე და აღნიშნა, რომ

„ფაიზერთან“ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მილიონი დოზის მოწოდებაზე.

„ზუსტი, მიახლოებითი თარიღი, როდის და როგორი ეტაპობრიობით შემოვა, არ ვიცით. ვიცით მხოლოდ, რომ ივნისში „ფაიზერის“გარკვეული დოზები ისევ „კოვაქსით“ შემოვა, მაგრამ ძალიან ლიმიტირებული“, – დასძინა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე – სასიამოვნო ნამდვილად არ არის ექვსი დეპუტატის გასვლა
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმრავლესობიდან დღეს გასულ დეპუტატებს საპარლამენტო თანამდებობების დატოვება მოუწევთ