ამირან გამყრელიძე – ხუთზე მეტი ადამიანის შეკრებისას, პირბადე გარე სივრცეშიც აუცილებელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ღონისძიებების შემსუბუქებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა სამოქალაქო პასუხისმგებლობა გაითავისონ.

„შემსუბუქების პერიოდში, ჩვენ კიდევ ერთხელ, ყველამ უნდა გავითავისოთ ჩვენი, თითოეულის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ჩვენ თითოეულმა უნდა დავიცვათ რეკომენდაციები. ძალიან კარგია, რომ აქ ვინც ბრძანდებით, ხართ პირბადეებით, რადგან ბევრნი ხართ და არ გაქვთ დაცული 2-მეტრიანი დისტანცია. კარგია, რომ პირბადეს იყენებთ და უმრავლესობა სწორად იყენებთ. ყველას მოვუწოდოთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მობილობა სერიოზულად გაიზარდა ქვეყანაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, – მეტრო, ავტობუსი, სამარშრუტო მიკროავტობუსი და ასე შემდეგ, აუცილებელია პირბადის ხმარება.

პირდაპირ პროცენტს გეტყვით. თუ მე ვარ ინფიცირებული, მიკეთია პირბადე და თქვენ ხართ ჩემთან ერთად, ჯანმრთელი და ორივეს გიკეთიათ პირბადე, ალბათობა იმისა, რომ არ გადაგედოთ ინფექცია, არის 95 პროცენტი. ანუ, მაღალი დაცულობა აქვს პირბადეს, როცა ორივეს გვიკეთია. თუ ერთს გვიკეთია და მე ვარ, ვთქვათ, ინფიცირებული და თქვენ არა, ეს ალბათობა დაიწევს 55 პროცენტამდე. ამიტომ ეს მარტივი დაცვისა და თვით დაცვის საშუალება, ძალიან გთხოვთ, ყველამ ვატაროთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, სამწუხაროდ, პარკებში მოქალაქეების უმრავლესობა არ იცავს დისტანციას და არ უკეთია პირბადე.

„მესმის, რთულია სიცხეში, მე გუშინ გავისეირნე ქუჩებში, რამდენიმე პარკში და ვნახე, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა, არ იცავს დისტანციას, არც პირბადეს ხმარობს. ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ გარეთ პირბადე არ უნდა ვიხმაროთ, მაგრამ როდესაც ერთად ვიკრიბებით 5-6-7-10 ადამიანი, იგივე გარე სივრცეში, აუცილებელია გარეთ ხმარებაც, რადგან ინფექცია ქვეყანაში არის, მისი გავრცელების საშიშროება და ალბათობა არ მოხსნილა“,- განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები, საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო ადაპტაცია, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ყველა დავინახავთ, ვინ სად დადგება საარჩევნო კამპანიის დროს