ამირან გამყრელიძე – ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მისი შვილს, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, კონტაქტში იყო იმ კლასტერთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ იტალიიდან დაბრუნდა.

მისივე თქმით, ნიკოლოზ გამყრელიძე ბოლო ორის დღე იყო თვითიზოლაციაში.

„დასამალი არაფერი არ არის, ჩემმა შვილმა გაავრცელა ინფორმაცია, ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უფლებაა. ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი კონტაქტური იყო იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა, ისინი არიან მისი თანამშრომლები, იყვნენ ორშაბათს საღამოს სხდომაზე ჩემს შვილთან და დიდი ალბათობით, იქიდან მოხდა ინფიცირება. ჩემი შვილი, ბოლო ორი დღე იყო თვითიზოლირებული და შემდგომ პირველი ტესტი იყო საეჭვო, ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მისი კვლევა. გუშინ დადასტურდა. მისი კონტაქტები ყველა ჩამოთვლილია, გაუგზავნა დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ამ კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს ინტენსიურად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

„საქართველოში სულ იყო 319 შესაძლო შემთხვევა, აქედან დადასტურდა 12 შემთხვევა. გუშინ ლუგარის ცენტრში იყო გამოკვლეული 39 ადამიანის ტესტი და მხოლოდ 3 იყო დადებითი. 12 ინფიცირებულთა უმრავლესობა უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს, 2 კი – ირანში მოგზაურობას. მიმდინარეობს მათი კონტაქტების ინტენსიური შესწავლა.

საქართველო სამყაროს ნაწილია. ეს არ უნდა იყოს მოულოდნელი. ჩვენ ყველა ბრიფინგზე ვამბობთ, რომ გვექნება შემთხვევების მატება. რაც შეიძლება მალე უნდა დავსვათ დიაგნოზი, გამოვიკვლიოთ ინფიცირებული, დავეხმაროთ მას კლინიკურად. ესაა ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კონტაქტების იდენტიფიცირება და ამაში თვითონ მოსახლეობა უნდა დაგვეხმაროს, იმიტომ რომ ჩვენთვის ყველაზე დამაზიანებელი გახლავთ იტალიიდან შემოსული ჩვენი თანამემამულეები ან თვითონ იტალიელი ტურისტები

ვისაც სიმპტომები აქვს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, განსაკუთრებით ადამიანებს, ვინც ბრუნდებიან იტალიიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და უკვე სხვა ქვეყნებიდანაც, თუ დაუფიქსირდებათ სიმპტომები, როგორები არის: მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ზოგადად, სურდოს სიმპტომები, აუცილებელია, რომ მიმართონ ექიმს და მოიქცნენ შემდეგ იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს. შესაძლებელია მიმართონ თავის ოჯახის ექიმს ან პირდაპირ ინფექციური პროფილის დაწესებულებებს, სადაც მათ ჩაუტარდებათ კონსულტაცია, ლაბორატორიული კვლევა და შემდეგ მართვის საკითხი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებს გაეცნო