ამირან გამყრელიძე – გვქონდა გათვლა, რომ 19 მარტს დაგვიფიქსირდებოდა 41 შემთხვევა, დაახლოებით დაემთხვა

დღეს ძალიან კმაყოფილი ვიყავი, თუ ადამიანი ამ დროში შეიძლება რამით კმაყოფილი იყოს, ერთ-ერთ სცენარში გვქონდა, რომ 19 მარტს დაგვიფიქსირდებოდა 41 შემთხვევა, გუშინ გვქონდა 40 შემთხვევა, ანუ დაახლოებით ეს გათვლა დაემთხვა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ დაავდების კონტროლის ცენტრმა მივაწოდეთ საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ ორი კვირის წინ სხვადასხვა სცენარები განვითარების. ეს არ არის ახალი ველოსიპედი, ჩვენ დავეყრდენით მრავალი ქვეყნის გამოცდილებას, ასევე, სპეციალური ინსტრუმენტი ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, რომელიც პანდემიურ გრიპთან დაკავშირებით იყო შემუშავებული. ასევე დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება პრემიერ-მინისტრთან, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უკვე არა სახელმწიფო ორგანიზაციების და ასეთი საერთაშორისო ექსპერტები შეიკრიბნენ. მოგეხსენებათ, არსებობს მათემატიკური მოდელირების ბევრი მეთოდი, იქნა გაზიარებული ასევე სხვადსხვა დიდ უნივერსიტეტებში, მხედველობაში მაქვს საზღვარგარეთის ქვეყნებში შემუშავებული მიდგომები, და არის, ასე ვთქვათ, სცენარები მოსალოდნელი განვითარების. გასაგებია, რომ სცენარები არასოდეს ერთი-ერთზე არ ჯდება რეალურ სიტუაციასთან ხანდახან, მაგრამ მაგალითად დღეს, ძალიან კმაყოფილი ვიყავი, თუ ადამიანი ამ დროში შეიძლება რამით კმაყოფილი იყოს, რომ ჩვენი ერთ-ერთი სცენარი, რომლითაც ჩვენ, როცა პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, გათვლები გვქონდა სხვადასხვა კვირებზე. გუშინ სამი კვირა დამთავრდა პირველი შემთხვევიდან. ვთქვათ, ჩვენ გვქონდა ერთ-ერთ სცენარში რომ 19-ში დაგვიფიქსირდებოდა 41 შემთხვევა და გუშინ გვქონდა 40 შემთხვევა, ანუ დაახლოებით ეს გათვლა დაემთხვა. ამიტომ გვაქვს გათვლებიც მომავალი სამი კვირის“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

​მისივე ინფორმაციით, ყველას მართებს მეტი სიფრთხილე და ღონისძიებების მეტად გამკაცრება, რადგან კორონავირუსის შემთხვევების მატება აუცილებლად იქნება.

„გუშინ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ, დასამალი არაფერია, გავახმოვანე ისიც, რომ ჩვენ შევდივართ პრე-კრიტიკულ სტადიაში, რომ მომავალი სამი კვირა და შესაბამისად, შესაძლებელია მეტიც იყოს ვთქვათ, უფრო მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებო. ბევრი სიფრთხილე გვმართებს და ღონისძიებების მეტად გამკაცრება, რომ ჩვენი მთავარი მიზანი მაქსიმალურად შევარბილოთ, რადგან შემთხვევების მატება გვექნება აუცილებლად. მაქსიმალურად უნდა შევარბილოთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება და ერთბაშად აფეთქება, ვთქვათ როდესაც გექნება ყოველდღიურად 100-200 შემთხვევა, რომლის დაწოლაც ჯანდაცვის სისტემაზე იქნება ძალიან ძლიერი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ მოსახლეობას, დავიცვათ ყველა ის ღონისძიება, ცოტა შევიწუხოთ თავი, განსაკუთრებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხანდაზმულებს 70 წლის ზემოთ, რომ ვიყოთ სახლებში.

მოვუწოდებ განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფებს, ასევე, რომ ნაკლებად გამოვიდეთ გარეთ, ნაკლებად ვიყოთ დიდი თავშეყრის ადგილებში, ვიმოგზაუროთ იგივე ქვეყნის შიგნით, და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე უფრო ეფექტური მეთოდი ამ დაავადებასთან ბრძოლის. ჩვენ ამისთვის გვაქვს კარგი გამოცდილება ჩინეთის, ასევე გარკვეულად ასეთივე ტიპის გამოცდილება სამხრეთ კორეის და ასევე, გვაქვს ცუდი გამოცდილებები ზოგიერთი ევროპული ქვეყნის, რომელსაც არ ვასახელებ. მათ დროულად არ მიიღეს ეს მეთოდები. ამიტომ, დროულად არის საჭირო ყველაფერი. დროულად გადადგა საქართველოს მთავრობამ ნაბიჯები, როცა ჩაიკეტა საჰაერო სივრცე ჩინეთთან, შემდეგ ირანთან, შემცირდა მაქსიმალურად ფრენები, მაქსიმალურად სახმელეთო გადაადგილებები. რეკომენდაციებს ვიძლევით, მაგრამ აღსრულების მექანიზმი ყველაფერი ეს დამოკიდებულია ჩვენს საზოგადოებრივ შეგნებაზე. ჩვენს საზოგადოებრივ და სოციალურ პასუხისმგებლობაზე“,- განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ეს ძველი “ტრიუკია”, ბიუჯეტიდან ფული გადაქაჩო საკუთარ ჯიბეში და მერე ყველაფერი შენს თავზე მიიწერო
შემდეგი სტატიაკორონავირუსზე ცხრა პირის ტესტის პასუხი უარყოფითია