ამირან გამყრელიძე : გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი, 25 ათასი დოზა უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი, 25 ათასი დოზა უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში, 25 ათასი დოზას გამოიყენებენ ყველაზე უფრო მაღალი რისკჯგუფებისთვის.

„ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბრიდან სხვა რესპირაციული ინფექციები აქტივდება ქვეყანაში. მათ შორის, ალბათ ნოემბერში გამოჩნდება გრიპის ვირუსიც და კიდევ სხვა ვირუსებიც იწყებენ ცირკულაციას. იქნება გარკვეულად ზედდება, ამაზე ორი მოსაზრებაა, რომ ზედდებამ შეიძლება შეამსუბუქოს გრიპის მიმდინარეობა, სამხრეთ ნახევარსფეროს გარკვეული გამოცდილება ამას გვიჩვენებს და მეორე მხრივ, ზედდებამ პირიქით, სინერგიის ეფექტით გააძლიეროს ამ რესპირაციული ინფექციები. ამიტომ მზადყოფნა უნდა იყოს.

გუშინწინ შემოვიდა, გუშინ დასაწყობდა, პირველი დოზა – 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო, 4-ვალენტიანი, ფრანგული წარმოების ვაქცინა, რომელიც დღეს უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში. რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ სახელმწიფოს 135 ათას დოზაზე გვაქვს კონტრაქტი და კიდევ 110 ათასი დოზა შემოვა 23 ოქტომბრის კვირაში. ამიტომ პირველ ეტაპზე, 25 ათასი დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე უფრო მაღალი რისკჯგუფებისთვის და პოლიკლინიკებში აიცრებიან ყველაზე უფრო მაღალი რისკჯგუფები. ესენი არიან ორსულები, მოხუცთა სახლების ბინადრები, ბავშვთა სახლების ბინადრები, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, შიდსიანი ავადმყოფები, რომლებიც იმყოფებიან მკურნალობაზე, ასევე ჰეპატიტიანი ავადმყოფები, ვინც მკურნალობს და დიალიზით ავადმყოფები. სანამ მეორე დიდი პარტია შემოვა, აიცრებიან ეს ჯგუფები. 23 ოქტომბრიდან აიცრებიან დანარჩენი დიდი რისკჯგუფები. ესენი არიან სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ავადმყოფები, ასევე სხვა ქრონიკული დაავადებების მქონეები, რესპირაციული დაავადებები, ასთმა, 65 წელს ზემოთ თანმხლები დაავადებები ვისაც აქვს, ასევე გულსისხლძარღვთა დაავადებები ვისაც აქვს 45 წელს ზემოთ.

ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ გარდა 135 ათასისა, სახელმწიფომ კიდევ დამატებით 100 ათასი დოზის მობილიზაცია გააკეთოს, რომლის შემოსვლის ალბათობა არის ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის შუა რიცხვები. დაახლოებით ამ მოცულობით, რომელიც იქნება გასამმაგებული შარშანდელთან შედარებით, წელს აიცრებიან გრიპის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, წინასაარჩევნო შეხვედრები ღია სივრცეში პირბადის გამოყენებით გამართონ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა