ამირან გამყრელიძე – ადამიანი თურმე წავიდა ღამურის დასაჭერად, რომ მერე ლუგარის ცენტრისთვის მიეყიდა, ეს ისეთი ზღაპარია, რომელსაც არც ერთი ჩემი შვილიშვილი არ დაიჯერებს

ადამიანი თურმე წავიდა, რომ იქ ღამურა დაეჭირა და მერე ლუგარის ცენტრისთვის მიეყიდა, ეს ისეთი ზღაპარია, რომელსაც არც ერთი ჩემი შვილიშვილი არ დაიჯერებს, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი მათ ტერიტორიაზე ღამურების შესაგროვებლად გადავიდა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ლუგარის ცენტრში არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ღამურებზე მუშაობს და ამაში დასამალი არაფერია.

„ღამურები მთელი რიგი მიმართულებებით არიან ძალიან საინტერესო კვლევებისთვის. ჩვენ, საქართველოში, ღამურებში ​ვეძებდით, ხომ არ იყო ცოფის ან ზოგიერთი სხვა დაავადების გადამტანი. ღამურები არ აღმოჩნდნენ ცოფის გადამტანები. ახალ კორონავირუსებსაც ვეძებდით, მაგრამ არც ისინი აღმოჩნდა. მანამდე ოთხი სხვა კორონავირუსი, რომლის დიაგნოზსაც ჩვენ ვსვამდით, იყო. რასაც ახლა მედიასაშუალებები ავრცელებენ, რაღაც მოგონილი და თითიდან გამოწოვილია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ადამიანს ათქმევინეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ღიმილისმომგვრელია, იმდენად არასერიოზულია ეს ყველაფერი, ამაზე კომენტარიც არ შეიძლება გაკეთდეს. ადამიანი თურმე წავიდა, რათა იქ ღამურა დაეჭირა და მერე ლუგარის ცენტრისთვის მიეყიდა, ეს ისეთი ზღაპარია, რომელსაც არც ერთი ჩემი შვილიშვილი არ დაიჯერებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ე.წ. სამხარეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს მოქალაქე სოფლებში, არცევსა და ღრომში იმისთვის გადავიდა, რომ ღამურები დაეჭირა და თითოეული 5000 დოლარად გაეყიდა“.

დე ფაქტო ხელისუფლება ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ღამურების მიმართ ინტერესი 2012 წლიდან გაჩნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში ლუგარის ცენტრი გაიხსნა“.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე – ჩვენი რუსი კოლეგებიც იკვლევენ ღამურებს, იქნებ, ისინი იძლევიან ხუთი ათას დოლარს, ჩვენ ნამდვილად არ ვიძლევით
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გუშინდელ განცხადებას ლუგარის ცენტრისადმი ნდობისთვის ძირის გამოთხრის სუსტ მცდელობად მიიჩნევს