ამირან გამყრელიძე – 1 186 ახალი შემთხვევიდან 20-25 პროცენტამდე ექვემდებარება ჰოსპიტალურ მკურნალობას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს დილის მონაცემებით, ქვეყანაში სპეციალიზირებულ დაწესებულებებში 900 თავისუფალი საწოლი იყო მობილიზებული.

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი 1 186 შემთხვევიდან ჰოსპიტალურ მკურნალობას მხოლოდ 25 პროცენტამდე საჭიროებდა.

„დღეს დილისთვის 900 თავისუფალი საწოლი იყო ქვეყანაში. 1 186 ინფიცირებულიდან, საავადმყოფო, ჰოსპიტალურ მკურნალობას ექვემდებარება დაახლოებით 20-25 პროცენტამდე ადამიანებისა. ანუ, ამ ადამიანებისთვის დაახლოებით 200-დან 300-მდე უნდა იყოს თავისუფალი. როგორც სამინისტროს ინფორმაციიდან ვიცი, ქვეყანაში დაახლოებით 900-მდე საწოლი იყო თავისუფალი სხვადასხვა სპეციალიზირებულ დაწესებულებაში – ბავშვთა, მოზრდილთა და ა.შ.“,- განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება გამოძახებისას სასწრაფო დახმარების დაგვიანების შემთხვევებს, გამყრელიძე ამბობს, რომ სისტემა გადატვირთულია, თუმცა დარწმუნებულია, მალე ყველაფერი დალაგდება.

„რაც შეეხება დაგვიანებას, ეს ძალიან კარგად მესმის, რადგან სისტემა გადატვირთულია, ჩვენ დაახლოებით 300 ახალი შემთხვევიდან უცბად ავედით 500-ზე, შემდეგ 800-ზე, 1 100-ზე. ეს არ არის მარტივი ადაპტაცია. როგორც წესი, 3,4, 5 დღის განმავლობაში ეს დგება ჩარჩოებში. დარწმუნებული ვარ, ესეც დადგება ჩარჩოებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – არანაირი კვლევა არ გვჭირდება, იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობთ მოქალაქეების
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – კვირაზე მეტია, 25 ათასამდე გრიპის ვაქცინაა შემოტანილი