ამერიკულმა კომპანიამ შესაძლოა საქართველო დატოვოს, რადგანაც მუშაობის საშუალებას არ აძლევენ

ამერიკელმა ინვესტორმა შესაძლოა საქართველო დატოვოს, რადგანაც მას მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა. „ოპტიკალ სისტემსი“ სვანეთში ოქროს ძიება-მოპოვებასთან დაკავშირებით ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია. კომპანიამ სვანეთში დიდი ინვესტიცია ჩადო, ჩაიტანა ტექნიკა, ჩაიყვანა უცხოელი სპეციალისტები, დაასაქმეს ადგილობრივები და ტერიტორიის კვლევა დაიწყო, თუმცა, ტერიტორიაზე გარკვეული ჯგუფი შეიჭრა და ყველაფერი გაანადგურა.
როგორც კომპანიის იურიდიული კონსულტანტი ირაკლი გვილია აცხადებს, სახეზეა მიზანმიმართული პროვოკაცია: „გარკვეულმა ორგანიზებულმა ჯგუფმა, რომლებსაც, როგორც ჩანს გავლენიანი მფარველები ჰყავს, ტერიტორიაზე ყველაფერი დაარბია და გაანადგურა. ამ პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ექსპერტებს, რომლებიც ადგილზე მუშობდნენ, დაარბიეს კომპანიის საველე ბანაკი და დააზიანეს ტექნიკის ის ნაწილი, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. ასევე გაანადგურეს მოპოვებული მასალები. მიზეზი კი შეგნებული დეზინფორმაცია, პროვოკაცია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, რომლისაც არც თვითონ სჯერად და არც ადგილობრივებს – თითქოს კომპანია შხამ-ქიმიკატებს, ციანიტს იყენებს და ურანს ეძებს. ეს პროცესი იყო კარგად ორგანიზებული პროვოკაცია.“

როგორც სოფელ იელის მოსახლეობა აცხადებს, ოქროს ძიების სამუშაოები ტრადიციული მეთოდებით მიმდინარეობს და შეუძლებელია ქიმიკატების გამოყენება. მათი თქმით, აღნიშნული პროექტი მათი სოფლისთვის და სვანეთისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც გარკვეული გავლენიანი ჯგუფები ხელს უშლიან.
„ადგილობრივები დაგვასაქმეს, ჩვენ თავად ვმუშაობთ აქ და გამოდის, რომ ჩვენ ვიყენებთ შხამ-ქიმიკატებს. ეს არის სიცრუე. იმ ჯგუფმა, ვინც ტერიტორიაზე შემოიჭრა, კარგად იცის რომ ეს ტყუილია, მაგრამ როგორც ჩანს, აქ სხვა ამბავია. წლებია ამ საქმით ადგილობრვები ვართ დაკავებულები და სწორედ იმ ტრადიციული მეთოდებით ხდება ძიების სამუშაოები. თუ ინვესტორი არ დაბრუნდა, კარგს არაფერს ველით“ – აცხადებს გია ფანგანი.

გეოლოგი ბადრი გალდავა, ვინც ადგილზე მუშაობდა, ამბობს, რომ სვანეთში შესაძლებელია იყოს თვითნაბადი ოქრო და არა ქიმიურად დამუშავებული: „სვანეთში შეიძლება მხოლოდ თვითნაბადი ოქრო მოიპოვებოდეს. თვითნაბადი ოქროს მოპოვების ტექნოლოგია გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ქვა-ღორღის რეცხვას წყლით. არანაირი ქიმია არ იხმარება და რომც გინდოდეს ვერ გამოიყენებ. სვანეთში მოპოვებული ოქრო ეს არის ქვიშაში არსებული მექანიკური ნარევი, არსად მსოფლიოში, ასეთი ტიპის ოქროზე ციანიდი და მსგავსი მჟავები არ გამოიყენება, რადგანაც ეს არის ყველაზე მარტივად დასამუშავებელი ოქრო. რაც შეეხება ურანს, არც საქართველოში, არც ამიერ და იმიერ კავკასიაში, არც ათასობით კილომეტრზე ჩვენგან, ურანის საბადო არ არსებობს.“

კომპანიამ სოფელში გზაც გაიყვანა და სხვა სვანეთის მოსახლეობისთვის საქველმოქმედო ღონისძიებებიც ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა არსებული პრობლემების გამო ამ ყველაფერს ვერ ახორციელებს. ოფიციალური ლიცენზიის მქონე კომპანია ამ ეტაპამდე სვანეთში ვერ შედის და ვერ ახორციელებს სამუშაოს, რომელიც მან კანონიერად მოიპოვა. კომპანიის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ სამართალდამცავები ამ საკითხს უმოკლეს დროში გამოიძიებენ და იმასაც დაადგენენ, ვინ დგას ამ პროვოკაციის უკან. ასევე, კანონიერი უფლებების დასაცავად ფიქრობენ ამერიკის საელჩოს მიმართონ და თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, ქვეყნის დატოვებასაც არ გამორიცხავენ. ირაკლი გვილია მადლობას უხდის ბიზნეს ომბუცმენდს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, თუმცა ამ ეტაპამდე პრობლემა მოუგვარებელია და კომპანიას მნიშვნელოვანი ზიანი ადგება.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის აზრით, ადამიანების გარდა, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს ინტერესები
შემდეგი სტატიაპირი, რომელიც დღეს კორცხელში ჟურნალისტებს ემუქრებოდა