ამერიკული სამხედრო ბაზის თემა დღის წესრიგში არ დგას, შესაბამისად, არ მგონია, ამას დიდი დისკუსია უნდა მივუძღვნათ

ამერიკული სამხედრო ბაზის თემა დღის წესრიგში არ დგას, შესაბამისად, არ მგონია, ამას დიდი დისკუსია უნდა მივუძღვნათ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრების კომენტირებისას.

ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ამერიკის თავდაცვის უწყებებს შორის სამხედრო თანამშრომლობა ძალიან მაღალ დონეზეა.

„პროვოკაციებზე თუ ვსაუბრობთ, პროვოკაციები ჩვენ რუსეთის მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და ამერიკის თავდაცვის უწყებებს შორის სამხედრო თანამშრომლობა ძალიან მაღალ დონეზეა. უფრო უკეთ არის განვითარებული ეს ურთიერთობა, ვიდრე ოდესმე. ეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ და ამის მტკიცებულებებიც არსებობს. რაც შეეხება სამხედრო ბაზებს, როგორც ვიცი, არანაირი მსჯელობა ან განხილვა ამ თემის არ მიმდინარეობს. სამხედრო ბაზების თემა დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამას დიდი დისკუსია უნდა მივუძღვნათ. თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი ფორმით სამხედრო თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. ეს ქვეყანა ჩვენი მთავარი პარტნიორი და მთავარი მხარდამჭერია. ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობის გაღრმავება, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კითხვები თუ არის, ეს ხელოვნური კითხვებია, იმიტომ, რომ ქვეყანას ყველანაირად აქვს დამტკიცებული, ეს ფაქტებია და მსჯელობა და ვარაუდები არ არის. ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნატო-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული იყოს და ყველა იმ პირობას აკმაყოფილებდეს, რაც ნატო-ს წევრობისთვის აუცილებელია. ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომ, ამ კუთხით, კითხვები არ უნდა არსებობდეს. დანარჩენი რაღაცები დამაზიანებელია, ამაში შემიძლია, დაგეთანხმოთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, აზიანებს თუ არა პრეზიდენტის განცხადება აშშ-საქართველოს ურთიერთობებს.

„ვფიქრობ, რომ ამ საკითხის საერთოდ დღის წესრიგში დასმა საჭირო არ იყო. არ ვიცი, როგორ გაჩნდა, რადგან რეალურად დღის წესრიგში სამხედრო ბაზების შემოყვანის თუ გაჩენის თემა. რატომ გახდა საჭირო და როგორ აღმოჩნდა საერთოდ ჩვენს დღევანდელ განსახილველ საკითხებში ეს თემა, ვერ გეტყვით. არ მგონია, რომ ეს კარგია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კითხვას, საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებასთან დაკავშირებით, ასე უპასუხა: „არ მგონია, ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს დავით გარეჯის საკითხით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას, ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან
შემდეგი სტატიაყველას ვთხოვ, ნუ შეეცდებიან, ჩემი გამოსვლის ტექსტში ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას