ამერიკული ნაღმოსანი რუსულ ბაზას მიუახლოვდა – მსოფლიო ტრამპის გადაწყვეტილების მოლოდინშია

ამერიკული ნაღმოსანი რუსულ ბაზას მიუახლოვდა – მსოფლიო ტრამპის გადაწყვეტილების მოლოდინშია-აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.

 

60 “ტომაჰავკით” აღჭურვილი “დონალდ კუკი” სირიის ტერიტორიულ წყლებშია

სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებამ დიდ სახელმწიფოებს შორის ვითარება უკიდურესად დაძაბა. თუკი ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტი 24-48 საათში საპასუხო ნაბიჯით იმუქრებოდა და მეტი სიცხადისთვის, საესკადრო ნაღმოსანი “დონალდ კუკი” სირიაში განლაგებული რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზას 100 კმ-ში მიუახლოვდა, რამდენიმე საათში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გემის სიახლოვეს რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა დაბალ სიმაღლეზე რამდენჯერმე ჩაიფრინეს.

სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ, 2017 წლის 7 აპრილისგან განსხვავებით, როცა ამერიკელებმა სირიული ბაზა გარკვეულწილად შეზღუდული ძალის გამოყენებით დაბომბეს, ამჯერად კოალიციური ძალები ამით აღარ დაკმაყოფილდებიან.

შეგახსენებთ, რომ სირიაში, ქალაქ დუმაში განხორციელებული იერიშის დროს, იქ მყოფი მოხალისეებისა და ექიმების ცნობით, ქიმიური მომწამვლელი გაზი გაუშვეს. შედეგად, სხვადასხვა ინფორმაციით, 40-დან 150-მდე ადამიანი დაიღუპა.

თუმცა, ოფიციალური დამასკო და მოსკოვი ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აუცილებლად გაირკვევა, ვინ არის პასუხისმგებელი ქიმიურ თავდასხმაზე, სირია, რუსეთი, ირანი თუ ყველა ერთად.

ამასთან, როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა აღნიშნა, აშშ სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყებას არ გამორიცხავს.

აღნიშნული განცხადებების შემდეგ, ამერიკულმა საესკადრო ნაღმოსანმა “დონალდ კუკმა”, რომელიც 60 ცალი “ტომაჰავკის” ფრთოსანი რაკეტითაა აღჭურვილი, ლარნაკის პორტი კვიპროსში დატოვა და სირიის ტერიტორიულ წყლებს მიუახლოვდა.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა გემის სიახლოვეს დაბალ სიმაღლეზე რამდენჯერმე ჩაიფრინეს, თუმცა ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ინფორმაციას არ ადასტურებს.

ამასთან, საით მიემართება “დონალდ კუკი” ლარნაკიდან გასვლის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ამ დროისთვის საესკადრო ნაღმოსანი სირიის ქალაქ ტარტუსიდან (ქალაქი, სადაც განლაგებულია რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა) 100 კმ-ში იმყოფება.

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ეს პროცესები პროგნოზირებადი იყო და აშშ-რუსეთს შორის ირიბი დაპირისპირება კიდევ უფრო დაძაბულ ფაზაში გადადის.

”ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება, პროგნოზირებადი იყო და “რეზონანსის” საშუალებით არაერთხელ გვისაუბრია, რომ მეტი დაძაბულობისკენ მიდოდა პროცესები, ამის ტენდენციები შეიმჩნეოდა.

“ასევე შეგახსენებთ, ჩვენს წინა პროგნოზებს, როდესაც სირიის კონფლიქტში ახალი ფაზა დავაფიქსირეთ, ვგულისხმობ, ძირითად მოთამაშეებს შორის ირიბ დაპირისპირებას.

“ეს სწორედ ამ ფაზის განვითრებაა, როდესაც ძირითადი აქტორები, აშშ კოალიციასთან ერთად და რუსეთი თავის მოკავშირეებთან ერთად უპირისპირდებიან ერთმანეთს სირიის მიწაზე”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

ანალიტიკოსის ვარაუდით, აშშ-რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირება გამორიცხულია, თუმცა ირიბი დაპირისპირების უფრო ცხელ ფაზაში გადასვლა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებს კიდევ უფრო ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანს.

“რუსეთს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან სჩვევია მოწინააღმდეგეებისთვის გამანადგურებლებით გადაფრენები, ამას უკვე მივეჩვიეთ. შეიძლება, ეს პროვოკაციულიც იყოს, მაგრამ ისინი ყოველთვის მიმართავენ ასეთ მეთოდს.

“რაც შეეხება უშუალო დაპირისპირებას, ამას გამოვრიცხავ, რადგან ეს ძალიან მძიმე შედეგამდე მივა. იმიტომ, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს შორის პირდაპირი დაპირისპირება საკმაოდ სახიფათოა მთელი მსოფლიოსთვის.

“თუმცა, ირიბი დაპირისპირება სირიის მიწაზე, რა თქმა უნდა, იქნება. მაგალითად, რუსეთი ხელს შეუწყობს ასადის შეიარაღებულ ძალებს, რათა იმოქმედოს ამერიკელების წინააღმდეგ და პირიქით. ეს იქნება ომი სხვისი ხელებით, ერთმენთის წინააღმდეგ.

“ამგვარი ირიბი ცხელი დაპირისპირება კიდევ უფრო დააშორებს რუსეთს დასავლეთთან და მათ ურთიერთბებს კიდევ უფრო ჩიხურ ვითარებაში შეიყვანს.

“მსგავსი სცენარები იყო 50-60-ან წლებშიც, რა დროსაც უშუალო დაპირისპირებაში არც მაშინ შედიოდნენ საბჭოთა კავშირი, ნატო თუ ამერიკა”, – აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია ზუგდიდის სააღდგომო ფესტივალს დაესწრო
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ამ ,,სპორის” გადაწყვეტას მხოლოდ საკავშირო მასშტაბის ,,ქურდი” სჭირდება!