გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინის, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების და აშშ-ის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ომის დასრულების გზაზე ხუთი საერთო მიზნის ერთობლივად დაცვაზე. ამის შესახებ მან ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მერცის თქმით, 14–15 დეკემბერს ბერლინში გაიმართა ინტენსიური, კონფიდენციალური მოლაპარაკებები უკრაინელებს, ამერიკელებსა და ევროპელებს შორის, რაც, მისი შეფასებით, რეალური სამშვიდობო პროცესის შანსს ქმნის.
კანცლერის განცხადებით, გადამწყვეტი როლი ითამაშეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა – სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა.
„რუსეთი დროს წელავს და მაქსიმალურ მოთხოვნებს აყენებს, პარალელურად კი აგრძელებს აგრესიულ ომს“, – აღნიშნა მერცმა.
მისი თქმით, უკრაინა, ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ ხუთ ძირითად პრინციპზე. პირველ რიგში, მხარეები მიზნად ისახავენ სუვერენული უკრაინისთვის მისაღებ ზავს.
„ოთხწლიანი ომის შემდეგ ჩვენ გვინდა ზავი, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტს შეინარჩუნებს“, – განაცხადა მერცმა.
მეორე პრინციპი უსაფრთხოების მყარ გარანტიებს უკავშირდება.
„ამერიკული მხარე მზად არის აიღოს იურიდიული ვალდებულებები. ჩვენ არ გავიმეორებთ მინსკის შეცდომებს“, – აღნიშნა კანცლერმა და დასძინა, რომ გარანტიები ნატოს მეხუთე მუხლის მსგავს მექანიზმებს დაეფუძნება.
მერცის თქმით, ზავის პირობები ერთობლივად შემუშავდება უკრაინის, ევროპის და აშშ-ის მონაწილეობით, ხოლო შეთანხმება არ უნდა ასუსტებდეს ნატოსა და ევროკავშირის ერთიანობას.
„პირიქით, ეს უნდა გვაძლიერებდეს“, – განაცხადა მან.
კანცლერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ზავი უნდა ინარჩუნებდეს უკრაინის ევროპულ პერსპექტივას და ხელს უწყობდეს ქვეყნის აღდგენას, ხოლო ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია.
„ტერიტორიული დათმობების საკითხს წყვეტს მხოლოდ უკრაინელი ხალხი და უკრაინის პრეზიდენტი“, – განაცხადა მერცმა.















