ირანის ომის გამო აშშ-მა ევროპისთვის იარაღის მიწოდება შეიძლება შეაფერხოს. Reuters-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ირანში მიმდინარე ომის ფონზე არსებულ დეფიციტს უკავშირდება.
როგორც ირკვევა, ვაშინგტონი აღნიშნულ ნაბიჯს საკუთარი სამხედრო მარაგების შენარჩუნების აუცილებლობით ხსნის. შეფერხება განსაკუთრებით ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებს შეეხება.
საუბარია შეიარაღებაზე, რომელიც ევროპულმა სახელმწიფოებმა სპეციალური სამხედრო პროგრამით უკვე შეიძინეს. აღსანიშნავია, რომ თეთრ სახლსა და პენტაგონს Reuters-ის ცნობასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.
როგორც სამხედრო ანალიტიკოსები წერენ, ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ ამერიკულ თავდაცვით ინდუსტრიაზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გაზარდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თეთრი სახლის ამჟამინდელი პოზიცია გამართლებადია და მას ევროპელი მოკავშირეები გაგებით უნდა მოეკიდონ.
ცნობისთვის, მსგავსი დატვირთვის წინაშე ამერიკული თავდაცვითი ინდუსტრია უკრაინისა და ღაზას კონფლიქტების დროსაც დადგა. თუმცა ანალიტიკოსები ამჟამინდელ მოცემულობას მაინც გამორჩეულად გამოყოფენ, რადგან ომში თავად ამერიკის შეერთებული შტატები იღებს მონაწილეობას. ამასთან, ირანი არამარტო ამერიკულ სამხედრო პოზიციებს, არამედ შტატების მოკავშირე სპარსეთის ყურის ქვეყნებსაც ბომბავს და მათი მიმართულებით ასობით ბალისტიკურ რაკეტასა თუ უპილოტო საფრენ აპარტატს უშვებს. შეგახსენებთ, მათი განეიტრალება საკმაოდ ძვირად ღირებული და ეფექტური იარაღით, მათ შორის PAC-3 Patriot-ის საზენიტო სისტემებით ხდება.















