ამერიკის საელჩო არჩევნების წინა დღეს მოსამართლეთა კონფერენციის გამართვით იმედგაცრუებულია

region
ავტ.: region ოქტომბერი 30, 2020 19:19

ამერიკის საელჩო არჩევნების წინა დღეს მოსამართლეთა კონფერენციის გამართვით იმედგაცრუებულია

დღეს მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი, ხოლო საბჭოს წევრებად ქეთევან ცინცაძე და თეა ლეონიძე აირჩიეს.

ამერიკის საელჩო არჩევნებამდე 1 დღით ადრე მოსამართლეთა კონფერენციის გამართვას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური პოზიციების შევსებას “იმედგამაცრუებელს” და “სარისკოს” უწოდებს.

საელჩოს განცხადებით, კონფერენციაზე გადაწყვეტილებები გამჭვირვალედ და გააზრებულად უნდა მიიღებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება რისკი, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის მიმართ საზოგადოებას ნდობა შეერყეს

“აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია სასამართლო ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწყვეტილებით, გაემართა მოსამართლეების კონფერენცია დღეს, მნიშვნელოვანი ეროვნული არჩევნების ჩრდილქვეშ. გრძელვადიანი შედეგების მქონე გადაწყვეტილებების მიღება, ისეთი როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსება, უნდა ხდებოდეს გააზრებულად, გამჭვირვალედ და საკმარისი დროის დათმობით, კონსულტაციებისა და კვალიფიციური კანდიდატების ფართო სპექტრის ჩართულობისთვის. ამ პროცესის დაჩქარება შეიცავს რისკს შეირყეს საზოგადოების ნდობა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის, კანდიდატებისა და მოსამართლეების კონფერენციის მიმართ.

დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლო სისტემა, რომელსაც ხალხი ენდობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამართლიანი და თანაბარი [ეკონომიკური] ზრდის ხელშესაწყობად, აგრეთვე, ქართული და უცხოური ბიზნესის მიერ ინვესტიციების მოსაზიდად. აუცილებელია, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ყველა ძირითად თანამდებობაზე შეარჩიოს გამოცდილი, პროფესიონალი და დამოუკიდებელი კანდიდატები, ასევე, მომავალში შერჩევის პროცესის უფრო მეტი გააზრებითა და შორსმჭვრეტელობით წარმართვა უზრუნველყოს”, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა კონფერენციის 30 ოქტომბერს ჩატარების გადაწყვეტილება 22 ოქტომბერს მიიღო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მაშინ ამბობდა, რომ წინასაარჩევნოდ “ინტენსიურად მიმდინარეობდა თანამდებობების დაკავების და როლების გადანაწილების პროცესი”.

region
ავტ.: region ოქტომბერი 30, 2020 19:19