ამერიკის ელჩთან საუბრის შინაარსის საიდუმლოდ დატოვება შანტაჟის გაგრძელებაა – გოცირიძე ივანიშვილზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძე “ქართული ოცნების” დამფუძნებლის განცხადებას ეხმაურება, სადაც ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მასა და აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა.

გოცირიძის თქმით, შეხვედრის ხანგრძლივობაზე ყურადღების გამახვილებით, ივანიშვილი საუბრის სირთულესა და შესაძლო ზეწოლაზე მიანიშნებს, დეტალების საიდუმლოდ დატოვებით კი დასავლეთის შანტაჟს აგრძელებს.

“როგორც ვვარაუდობდით, “ის ბრძენი კაციც” გამოჩნდა. რა იყო ბიძინა ივანიშვილის წერილის მთავარი სათქმელი? ის, რომ ვიღაცებს საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა. თურმე ომის საფრთხე რუსეთიდან კი არ მოდის, არამედ სხვებისგან, რომლებიც იმდენს უჩხიკინებენ პუტინს, რომ იმ წესიერ კაცს შემოეპყრობა კიდევაც ქვეყანა. ასე ამბობდა 2008 წლის აგვისტოს ომზეც, ასე ამბობენ მისი ენით მოლაპარაკეები “ოცნებიდან” რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შესახებ-თურმე უკრაინამ ვერ აიცილა თავიდან ომი (როგორც მაშინ საქართველომ), ანუ უკრაინაა დამნაშავე.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრას, დაადასტურა, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, თანაც სრულადაც რომ სამი საათიო. დროის ამ ხანგრძლივობით ირიბად მიანიშნებს საუბრის თემის სირთულეზე და შესაძლო ზეწოლაზე. ისე, იმ სამი საათიდან ორი საათი სადილს თუ ვახშამს არ მოხმარდებოდა? დაუპურებელს ხომ არ დატოვებდა სტუმარს? “სადილით თუ სადილის გარეშე სამი საათი”-უკვე ახალი თავსატეხი გაუჩინა საზოგადოებას:))

რა საკითხზე უნდა ყოფილიყო ელჩის მიერ ზემოქმედების მცდელობა? რადგან საიდუმლოდ ინახავს, გვაფიქრებინებს, რომ ომი უნდოდა რომ დაეწყო, ანუ უნდოდა რომ რუსეთი საქართველოში შემოჭრილიყო, ბიძინა პრემიერ-მინისტრად დაესვათ რუსებს და ამერიკა ამით გახარებული 500 მილიონს დაუბრუნებდა შვეიცარული ბანკიდან. წერილში ამას ვერ ამოვიკითხავთ, მაგრამ ამაზე ტროიკები და სხვები ხომ წერდნენ და ლაპარაკობდნენ?

ეს რა თქმა უნდა არის აბსურდი, მაგრამ საუბრის შინაარსის საიდუმლოდ დატოვება კვლავ არის შანტაჟის გაგრძელება, დასავლეთზე თავდასხმა ერთადერთი მიზნით – არ მოიხსენიონ ოლიგარქად, არ შეეხონ მის არაფორმალურ ძალაუფლებას და კვლავ ძველებურად მართოს კულისებიდან ქვეყანა, როცა პარლამენტიც თვითონაა, მთავრობაც და მოსამართლეც.

არაფერი გამოუვა. უკრაინაში ომმა საბოლოოდ ახადა ნიღაბი ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. მან გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას. ახლა მან თავად უნდა აირჩიოს, როგორ დათმობს მიტაცებულ ძალაუფლებას, როგორ წავა ხელისუფლებიდან-მსუბუქად, მძიმედ თუ ძალიან მძიმედ. მაგალითების მოძიება მას არ გაუჭირდება.

სანქცია ნებისმიერ შემთხვევაში არ აცდება. რაც უკვე ჩაიდინა დასჯადია”, – წერს რომან გოცირიძე Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშილევან ბეჟაშვილი – აშშ-ის ელჩთან შეხვედრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი
შემდეგი სტატიადაგაგვიანდათ! დეოლიგარქიზაციაა დასავლეთთან ურთიერთობის წინაპირობა, თქვენს ვირეშმაკობას აღარავინ იღებს – უგულავა ივანიშვილს