ამერიკელმა ტელეწამყვანმა ტაკერ კარლსონმა დაადასტურა, რომ მოსკოვში ჩავიდა ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად

ამერიკელმა ტელეწამყვანმა ტაკერ კარლსონმა დაადასტურა, რომ მოსკოვში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად,- ამის შესახებ ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.

გამოქვეყნებულ ვიდეოში კარლსონმა აღნიშნა, რომ მან გადაწყვიტა რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი, რადგან ამერიკელთა უმეტესობამ არ იცის რა ხდება „ნამდვილად“ რუსეთსა და უკრაინაში.

კერძოდ, კარლსონმა უკრაინის ომს კატასტროფა უწოდა, რომელმაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამასთან, ტელეწამყვანმა დასძინა, რომ ომის გრძელვადიანი შედეგები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. მისი თქმით, ომმა უკვე შეცვალა მსოფლიო სამხედრო და სავაჭრო ალიანსები და დაიწყო კოლაფსი ეკონომიკური სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფდა დასავლეთის კეთილდღეობას. „ეს არ არის მცირე ცვლილებები. ისინი განსაზღვრავენ ჩვენი შვილიშვილების ცხოვრებას“, – თქვა კარლსონმა.

მან ასევე დასძინა, რომ მსოფლიოს უმეტესობამ იცის რა ხდება, მაგრამ არა ინგლისურენოვანი ქვეყნების მაცხოვრებლებმა, რადგან „მათ სიმართლე არავის უთქვამს“. ეს, კარლსონის აზრით, დასავლური მასმედიის ბრალია, რომელიც „ატყუებს თავის მკითხველს და მაყურებელს“.

კერძოდ, კარლსონმა თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუ, რომელიც დასავლურმა მედიამ გადაიღო, გამოსამშვიდობებელ სიტყვას უფრო ჰგავდა. „ეს არ არის ჟურნალისტიკა. ეს არის სახელმწიფო პროპაგანდა“, – განაცხადა ტელეწამყვანმა, რომელმაც დაადანაშაულა თავისი კოლეგები, რომ არცერთ მათგანს არ მოუთხოვია საუბარი „კონფლიქტში ჩართული სხვა ქვეყნის პრეზიდენტთან“.

ეს არასწორია. ამერიკელებს აქვთ უფლება იცოდნენ ყველაფერი ომის შესახებ, რომელშიც ისინი მონაწილეობენ. და ჩვენ გვაქვს უფლება ვუთხრათ მათ ამის შესახებ, რადგან ჩვენც ამერიკელები ვართ. სიტყვის თავისუფლება ჩვენი უფლებაა. ჩვენ დავიბადეთ იმის უფლებით, რომ ვთქვათ ის, რისიც გვწამს.

გარდა ამისა, ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ მოგზაურობის საფასური თავად გადაიხადა და ხელისუფლებისგან მხარდაჭერა არ მიუღია. მან ასევე დაამატა, რომ მან მოიპოვა X-ის მფლობელის, ელონ მასკის მხარდაჭერა. მისი თქმით, ბიზნესმენმა პირობა დადო, რომ არ დაბლოკავს ინტერვიუს და ხელს არ შეუშლის მის გავრცელებას სოციალურ ქსელში. კარლსონს არ დაუკონკრეტებია, როდის გამოქვეყნდება ინტერვიუ.

იგი რესპუბლიკური პარტიის პალეოკონსერვატიულ ფრაქციას მიეკუთვნება – ემხრობა სოციალურ, თუმცა არა ფისკალურ კონსერვატიზმს საშინაო პოლიტიკაში და არაინტერვენციონისტულს – საგარეოში.

საკამათოდ მიიჩნევა მისი პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის თაობაზე – სრულმასშტაბიან ომამდე მას ნათქვამიც კი აქვს, რომ მხარს რუსეთს უჭერს. მოგვიანებით თქვა, რომ ეს განცხადება ხუმრობა იყო.

„რატომ უნდა მადარდებდეს, რა ხდება უკრაინისა და რუსეთის კონფლიქტში? სერიოზულად. რატომ უნდა მადარდებდეს? რატომ არ უნდა ვგულშემატკივრბდე რუსეთს? ვგულშემატკივრობ კიდეც“, – ამბობდა კარლსონი.

გარდა ამისა, კარლსონის ზოგი გამოსვლა რუსულ სახელისუფლები მედიაშიც შუქდება, როგორც დასტური პუტინის პოლიტიკის სისწორისა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საზღვაო ძალების სარდალი ნეიჟპაპა – ყირიმის ხიდი წელს არ იარსებებს
შემდეგი სტატიაYouTube-ის ვიდეო ჰოსტინგის ადმინისტრაციამ დაბლოკა რუსული სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის არხები