„ამერიკელი კონგრესმენებისგან მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის საკითხში“ – იზორია

აშშ-ის კონგრესის დელეგაციას კონგრესმენ პიტერ როსკამის ხელმძღვანელობით, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალებში მიმდინარე რეფორმირების პროცესისა და ამერიკულ მხესთან თავდაცვის სფეროში ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია.

კონგრესმენებმა SNGP-ის პაკეტის იმპლემენტაციაზეც მოისმინეს პრეზენტაცია.

„ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრას ორი მნიშვნელოვანი, პოლიტიკური და სამხედრო კომპონენტი ჰქონდა. პოლიტიკური თვალსაზრისით მივიღეთ ძალიან ცალსახა და მტკიცე მხარდაჭერა თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის საკითხში. სამხედრო ასპექტის კუთხით კი ჩვენ სტუმრად გვყავს ბრიგადის გენერალი, რომელსაც ორი კვირის წინ შევხვდი გერმანიაში არსებულ ამერიკის სამხედრო ბაზაზე.

იქედან საჯაროდ განვაცხადე, რომ წელს ვგეგმავთ მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებას და ერთ-ერთი გახლავთ ერთობლივად საწვრთნელი ცენტრის შექმნა. ეს ორი კომპონენტი იყო განხილვის საგანი. წელს ამ ორივე მიმართულებით, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით ისე სამხედრო მზადყოფნის გაძლიერების კუთხით, ჩვენ გვექნება ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი სტუმრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ.

კონგრესმენებს სამუშაო შეხვედრები ჰქონდათ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებთან. კონგრესმენებმა შეხვედრა გამართეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებთანაც.

banner
წინა სტატიაშიგახოკიძის ქუჩაზე საპოლიციო ღონისძიება ხორციელდება
შემდეგი სტატიაპატრიარქს სამებაში 19:00 საათზე ელოდებიან-ილია მეორე შენდობის წესს აღავლენს