ამერიკელი ექსპერტები: საქართველო რუსეთისთვის ადვილი სამიზნეა

ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ექსპერტებმა რუსეთს და თურქეთს შორის არსებული დაპირისპირება, ამ კონფრონტაციის ესკალაციის შესაძლებლობები და ასევე ის პერსპექტივები განიხილეს, თუ რა გავლენას მოახდენს ეს კონფლიქტი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებზე.

ამერიკული რადიოსადგური «Radio Voice of America» ესაუბრა ფრედერიკ სტარს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორ, რომელიც დარწმუნებულია, რომ სამხრეთ კავკასიაზე რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების გავლენა აშკარაა. მიმდინარე პროცესების გადალახვას, მისი აზრით, აშშ-ის ლიდერობა სჭირდება.

„დღეს ამერიკისთვის იშვიათი შესაძლებლობაა პროცესების სწორი მიმართულებით წარმართვა უზრუნველყოს, ის მთელს კავკასიას გვერდში უნდა დაუდგეს: სომხეთი სუვერენიტეტის დაკარგვას განიცდის, საქართველოს აშფოთებს ტერიტორიების დაკარგვა, აზერბაიჯანს კი უნდა შეინარჩუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე დაიმკვიდრა მსოფლიოში. ყველაფერი ეს ახლა საფრთხის ქვეშაა“ – აცხადებს სტარი.

ექსპერტები თვლიან იმასაც, რომ საქართველო, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, განსაკუთრებით მოწყვლად სიტუაციაშია. ამ გარემოებას კი ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ ამ ეტაპზე აშშ-ში წინასაარჩევნო პერიოდი სუფევს, როცა საზოგადოების ინტერესი მთლიანად გადატანილია ამერიკის შიდა მოვლენებზე.

„საქართველო ყოველთვის განსაკუთრებით რთულ სიტუაციაშია. მახსენდება სერგეი ლავროვის განცხადება, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტების წვრთნა ხდება. ამის არანაირი საბუთი არ არსებობს. ეს განცხადება კი ჩემთვის ნამდვილი გაფრთხილება და სიგნალია. 2008-შიც ასე იყო, ამერიკის პრეზიდენტის ბოლო ვადის გასვლამდე რამდენიმე თვე რჩებოდა. დღეს საარჩევნო წელი გვიდგას და ბრიუსელი და ვაშინგტონი, ისე კარგად ვეღარ ახდენს საგარეო პოლიტიკაზე ორიენტაციას. ვშიშობ, რომ რუსეთისთვის საქართველო ადვილ სამიზნეს წარმოადგენს“- დასძინა სტარმა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური-აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის სვანტე კორნელის თქმით კი, რუსეთსა და თურქეთს შორის მიმდინარე კონფლიქტმა არასტაბილურობა შესძინა მთელს რეგიონს.

„რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება უშუალო გავლენას ახდენს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე, საქართველოსთვის ეს პროცესი უფრო ზოგადი ხასიათისაა. თუმცა არ არის გამორიცხული მოსკოვი დაინტერესდეს, რათა პრობლემები შეუქმნას საქართველოს სატრანზიტო კორიდორს ან მის დასავლურ მისწრაფებებზე იმოქმედოს. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პროდასავლურ კურსს, თუმცა ვფიქრობ უფრო ფრთხილად, ვიდრე მანამდე. ასევე ფაქტია, რომ ის დღეს ნაკლებად აქტიურობს ამ მიმართულებით და ფიქრობს, რომ რუსეთის ინფილტრაციისა და პროპაგანდის თავისუფლად შემოტევის განეიტრალებას უფრო მეტი საფასური აქვს, ვიდრე პირიქით. ჩემი აზრით, ეს მიდგომა უნდა გადაიხედოს. თბილისმა, ამასთან, დასავლეთს უფრო ნათლად უნდა აუხსნას როგორ ხედავს ამერიკის, დასავლეთის მონაწილეობას საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად“ – აცხადებს სვანტე კორნელი.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი მჭედლიშვილი განცხადებით კი, ვითარება ყოველ ზაფხულს არის დაძაბული და რისკი ყოველთვის არსებობს.

„განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2016 წელი, ისევე როგორც 2008 წელი არის ამერიკის პრეზიდენტის მმართველობის ბოლო წელი, ე.წ. lame duck, როდესაც ის პოლიტიკურად სუსტია და ქვეყანაში მთელი პოლიტიკური დისკურსი გადატანილია არჩევნებზე, ანუ შიდა და არა საგარეო საკითხებზე. ამ ფაქტით რუსეთმა სამწუხაროდ ისარგებლა 2008 წელს. ვერ ვიტყვი რომ ახლა ამის შესაძლებლობა არის ძალიან მაღალი, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ ძალიან. თურქეთთან კოფნლიქტი, რუსეთთს დამატებით ნოყიერ ნიადაგს აძლევს რომ გააძლიეროს თავისი პოზიციები კავკასიაში და კერძოდ საქართველოში“- დასძენს მჭედლიშვილი.

http://www.amerikiskhma.com/a/turkey-russia-georgia/3257017.html

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლების მცდელობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ვაჭრობას ჰგავს”
შემდეგი სტატიანადეჟდა სავჩენკოს სოლიდარობისადმი მოწოდებას ქართველი დეპუტატებიც შეურთდნენ