ამბასადორიალზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხები განიხილეს

თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხებს სპეციალური სამუშაო სესია მიეძღვნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებთან შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა და საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გამართეს.

მოწვეულმა სტუმრებმა „ამბასადორიალი 2016“-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ისაუბრეს ბოლო პერიოდის განმალობაში საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე.

განსაკუთრებით აღინიშნა ის პოზიტიური შეფასება, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არსებობს საქართველოში გატარებული რეფორმების მიმართ.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა შეაჯამა საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების 4 წლიანი საქმიანობა და ძირითადი მიღწევები.

მანანა კობახიძემ ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ბევრი მიმართულებით უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას. მან საკანონმდებლო ხელისუფლების სახელით თანადგომა აღუთქვა ქართველ დიპლომატებს მათი საქმიანობისა და საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესრულების პროცესში.

ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მიღწეულ უპერცედენტო შედეგებზე, საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს, კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნება და მზაობა არჩევნები წარიმართოს მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით. ამბასადორიალის მონაწილეებთან შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა ასევე წარმოადგინა საქართველოს ეროვნული არქივის ახალი პროექტი, რომელიც ქართული დიპლომატიის ისტორიის წარმოჩენას ემსახურება.

“გვქონდა შესაძლებლობა, რომ იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში უკვე მეოთხედ მიგვეწოდებინა ელჩებისთვის ინფორმაცია იმ შთამბეჭდავ პროგრესზე, მათ შორის რეფორმების, ადამიანის უფლებების და ინსტიტუციური დემოკრატიის ჩამოყალიბების გზაზე, რასაც ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში მივაღწიეთ. საუბარი შეეხო სამომავლო გამოწვევებს, იმ საკითხებს თუ რაზე გვინდა ვიმუშაოთ და მივაღწიოთ წარმატებას“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სასჯელარსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ისაუბრა სასჯელარსრულების სისტემაში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე.

კახი კახიშვილის განცხადებით ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად დღეს საქართველოს სასჯელარსრულების სისტემა ევროკავშირის სტანდარტებთან სრულ თანხვედრაშია. შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ხაზი გაესვა გატარებული რეფორმების გაზიარების კუთხით პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან არსებულ მზარდ ინტერესს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს ამბასადორიალში მონაწილეობისათვის.

სამუშაო პანელს მოდერაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უწევდა.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი „ამბასადორიალი 2016“ -ზე სიტყვით გამოვიდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : კახი კალაძე ისეთივე აღშფოთებული იყო კორცხელის ინცინდენტით, როგორც ყველა ჩვენგანი