“ტემპმა საგრძნობლად თუ არ მოიმატა, ეს დამაზიანებელი იქნება”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მუშაობის ტემპი უნდა შეცვალოს.

როგორც ვოლსკიმ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა “2030”-ში განაცხადა, დეპარტამენტმა მუშაობა უფრო სწრაფი ტემპებით უნდა განაგრძოს.

“ძალიან მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ, მაგრამ რეალურად არ შეიძლება სახელმწიფო წავიდეს იმ გზით, როგორც “ნაციონალური მოძრაობა” მიდიოდა. ხალხს, რომელთაც კითხვები აქვთ პასუხები უნდა გაეცეთ. მუშაობა უნდა გაგრძელდეს და ტემპმა საგრძნობლად თუ არ მოიმატა, ეს დამაზიანებელი იქნება”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ამასთან, უმრავლესობის წევრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესახებაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მთავარი პროკურორს პარლამენტის წევრებთან მომავალშიც ინტენსიური თანამშრომლობა ექნება.

“კითხვები კიდევ ბევრი დაგვრჩა. ეს არ ნიშნავს კრიტიკულ დამოკიდებულებას. დამოკიდებულება ძალიან პოზიტიურია, მაგრამ კითხვები გაცილებით მეტი იქნება. ასეთი პრაქტიკაა პარლამენტში, რომ არ არის საკითხების ჯანსაღი განხილვა, ვგულისხმობ ოპოზიციას. კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ოპოზიცია არ უნდა მონაწილობდეს განხილვებში, მაგრამ ეს არის მოცემულობა. მთავარი პროკურორობის კანდიდატის პარლამენტში ყოფნის ინტენსივობა ვფიქრობ, გაზრდის ინტენსივობას ჩვენი თანამშრომლობის და მემგონი არ მოვისაკლისებთ მთავარი პროკურორის პარლამენტში ყოფნას”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“ნარინჯისფერი კვირეულის” ფარგლებში კედლის მოხატვის აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიაერთი თვის განმავლობაში სამჯერ ნაცემი სენაკის გამგებელი გადადგომას გეგმავს…