“ამაში საგანგებოს მე ვერაფერს ვხედავ,“-კვირიკაშვილი “გაზპრომზე” საუბრობს

საქართველოს პრემიერმინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გაზის მოწოდებასა და ორმხრივ ურთიერთობაზე გააკეთა კომენტარი. როგორც საქართველოს პრემიერი ამბობს, აზერბაიჯანთან ძალზედ მეგობრული შეხვედრა შედგა და გაზპრომის თემას სახელმწიფოებს შორის გაუგებრობა არ გამოუწვევია.

გიორგი კვირიკაშვილი გაზპრომთან მიმდინარე განხილვებს ტექნიკურს უწოდებს.

„უამრავი სპეკულაცია მოვისმინე, უამრავი ბრალდება კახი კალაძისა და მთავრობის მისამართით. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მთავრობა არის მოწოდებული, რომ მაქსიმალურად დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ნამდვილად იმაზე ზევით იქნა აწეული ეს საკითხი, ვიდრე ეს უნდა ყოფილიყო. ეს არის წმინდა სახის ტექნიკური მოლაპარაკებები და არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამას არა აქვს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

პრემიერისთვის ასევე მიუღებელია გაზპრომთან მიმდინარე საკითხის განხილვა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

„უშიშროების საბჭოზე ინფრასტუქტურის ტექნიკური საკითხების განხილვა არასწორად მიმაჩნია. მგონია, რომ უშიშროების საბჭო არის სპეციალური ინსტიტუტი, სადაც გაცილებით უფრო მაღალი დონის საგანგებო საკითხები იხილება და ამაში საგანგებოს მე ვერაფერს ვხედავ,“ – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ლარის გაუფასურებას საგანგაშოდ არ მიიჩნევს
შემდეგი სტატიამამუკა კაციტაძე მანანა კობახიძეს პოლიტიკურ გამოცდილებას უწუნებს