საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დღეს თქვა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თამაზ გინტურის სიკვდილით “გახარებულია”.
“ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ! და ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.
ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე საუბრისას ამბობს, რომ პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი, მათ შორის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “თამაზ გინტურის სიკვდილით გახარებულია”.
ჟურნალისტებმა გია ვოლსკის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებაზეც ჰკითხეს. მან ხვალ, 8 ნოემბერს ევროკომისიის შეფასების პარალელურად, ორბელიანების სასახლის წინ ღონისძიება დააანონსა. ვოლსკის თქმით, პრეზიდენტს “ღირსება არ გააჩნია, თვალთმაქცობს და ყალბ განცხადებებს აკეთებს”.
“რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რასაკვირველია აქციაც უნდა ჩატარდეს, ხალხიც უნდა გამოვიდეს, თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს, მაგრამ ასეთი გახარებული ამ ადამიანის სიკვდილით პოლიტიკოსთა ჯგუფი, სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას, მითუმეტეს ამ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც შექმნილია ამ ქვეყანაში”, – თქვა ვოლსკიმ.
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.