ამას პოლიტიკური ინტრიგნობა ჰქვია… თავის ვეტოსთან ერთად, პრეზიდენტი მარტო დარჩება – ლევან კობერიძე

მმართველი გუნდი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კონსტიტუციის ახალ პროექტზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, „პოლიტიკურ ინტრიგნობას“ უწოდებს. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის ლევან კობერიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს სურდა კონსტიტუციის ბედი “ნაციონალურ მოძრაობას” გადაეწყვიტა.

კობერიძის თქმით, პრეზიდენტმა გადადგა არაკონსტრუქციული ნაბიჯი, რასაც მისი “ვეტოსთან მარტო დარჩენა მოჰყვება”.

„ფაქტობრივად მოგვიწოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაეწყვიტა საქართველოს კონსტიტუციის ბედი და ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან იყო ძალიან არაკონსტრუქციული ნაბიჯი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამას პოლიტიკური ინტრიგნობა ჰქვია და თუკი ასე გაგრძელდება, თავის ვეტოსთან ერთად, პრეზიდენტი აუცილებლად მარტო დარჩება თავის თავთან,“ – აცხადებს ლევან კობერიძე.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განსახილველად პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე შეკრებას 13 ოქტომბერს გეგმავს. მანამდე “ქართული ოცნება” სხდომის ჩანიშვნისთვის პრეზიდენტს მიმართავს. რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატებმა პრეზიდენტის შენიშვნები ან სრულად უნდა გაიზიარონ ან ვეტო დაძლიონ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დიდი ალბათობით ვეტო დაიძლევა, რის შემდეგაც სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, კანონმდებლები ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ინიციატივას დაარეგისტრირებენ. მასში გათვალისწინებული იქნება ე.წ. ბონუსების გაუქმება და საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვება.

banner
წინა სტატიაშიმმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება – რიგგარეშე სხდომა სავარაუდოდ 13 ოქტომბერს გაიმართება
შემდეგი სტატიაარ მივცემთ საშუალებას მიიღონ ეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილება – “ენმ” საკრებულოსთან აქციისთვის ემზადება