“ამას ჰქვია საოკუპაციო რეჟიმის ლიბერალიზაცია” – ხოშტარია კანონში შესატან ცვლილებებზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელენე ხოშტარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე, გამოეხმაურა და ამას “საოკუპაციო რეჟიმის ლიბერალიზაცია” უწოდა. ხოშტარიას განცხადებით, ახსნა, რომ კანონში ცვლილება ევროკავშირის მოთხოვნაა, ასე არ არის:

„ვისურვებდი, რომ ეს საერთოდ არ იყოს საკამათო თემა და ჩვენ ვიყოთ ერთიანები. რაც არ უნდა დავარქვათ ამ კონკრეტულ ცვლილებებს და როგორც არ უნდა ვიკამათოთ მის შინაარსზე, მარტივად ამას ჰქვია საოკუპაციო რეჟიმის გამარტივება, ლიბერალიზაცია. რა დოზით, როგორ – ეს უკვე ინტერპრეტაციის საგანია, მაგრამ ფაქტია, რომ სიმკაცრიდან გადავდივართ უფრო მარტივ რეჟიმზე, თან იმ სიტუაციაში, როდესაც დანარჩენ საქართველოში ეს რეჟიმი არ მოქმედებს. ანუ, ჩვენ ვართ აბსურდულ სიტუაციაში, როდესაც იქ, სადაც გვაქვს რეალური პრობლემა და არის ოკუპირებული, უფრო ადვილია შემოსვლა პირველ ჯერზე მხოლოდ ადმინისტრაციულად ისჯება და სხვაგან ეს არის კრიმინალური. წარმოუდგენელი სიტუაცია თან იმ ფონზე, როდესაც რუსეთი აგრძელებს მავთულხლართების გავლებას, ხელი მოაწერა ანექსიის ხელშეკრულებას და ცოტა ხნის წინ მოხდა ამ ხელშეკრულების ძალიან მძიმე კომპონენტის რატიფიცირება გაერთიანებული თავდაცვის შექმნის შესახებ. ჩვენი პოლიტიკური პასუხი ამაზე არის ის, რომ კიდევ ვმსჯელობთ გამარტივებაზე? თვითონ მსჯელობის ფაქტიც კი პრობლემაა. რაც მთავარია, ოთხოზორიას მკვლელობის ფონზე ვამბობთ ამას? რაც შეეხება ახსნებს, რომ ეს არის ევროკავშირის მოთხოვნა, არანაირი ფორმალური მოთხოვნა ამაზე არ არსებობს. ამ საკითხის ანატომია არის კარასინის და ლავროვის მიერ პირდაპირ გაკეთებული მუქარის შემცველი, შანტაჟის შემცველი განცხადება, რომ საოკუპაციო რეჟიმი უნდა გავამარტივოთ და შემდეგ საერთოდ უნდა მოვხსნათ. ხოლო თუ ევროპაში არსებობენ ცალკეული პოლიტიკოსები ან ბიუროკრატები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ასე უნდა ვქნათ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ პირიქით დავაწრმუნოთ ისინი. თქვენ გგონიათ, რომ ტერმინი ოკუპაციის დამკვიდრება მარტივი იყო ჩვენთვის?! ასოცირების ხელშეკრულების მიღებაც არ იყო მარტივი, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამაზე. ამიტომ მეგობრებო, ეს არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კოვზანაძე: პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი თანამშრომლობენ
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: საქართველო არის სამაგალითო ევროპული არჩევანის მქონე ქვეყანა მთელს რეგიონში