ამალა-დევდორაკის ხეობაში მძიმე ტექნიკა შეიყვანეს

სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკის შეყვანა და სამუშაოების დაწყება გუშინ, გვიან ღამით 5 საათზე მოხერხდა.

ამალა-დევდორაკის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოების დასაწყებად შესაბამისი ტექნიკის შეყვანა გუშინ, მთელი დღის მანძილზე ღვარცობსაშიშროების გამო ვერ ხერხდებოდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპატრტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ გაფრინდაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, ხეობაში ღვარცოფის საშიშროება არ არსებობს.

გეოლოგები უკვე მესამე დღეა სტიქიის ზონაში იმყოფებიან და ადგილზე არსებულ მდგომარეობას სწავლობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და სამაშველო სამსახურებმა, სახელმწიფოს სხვადასხვა შესაბამის უწყებასთან ერთად, ოპერატიულად განახორციელეს საჭირო ღონისძიებები. ხეობაში იმყოფებოდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც გადაუდებელ სამუშაოებს ადგილზე კოორდინაცია გაუწია.

ღვარცოფის მოვარდნისთანავე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და სტიქიის ზონიდან მოქალაქეებისა და ავტომანქანების უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე თბილისიდან განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფიც გაიგზავნა.

შსს-ს ინფორმაციით, ამალი-დევდორაკის ხეობიდან მოქალაქეების ევაკუაცია ამ დროისთვის დასრულებულია. 200–მდე ადამიანი დაბა სტეფანწმინდაშია გადაყვანილი. მათი ნაწილი თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების საშუალებით გადმოიყვანეს. სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის დავალებით, გამოიყო ვერტმფრენი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების რუსეთის საზღვრამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გზის დაზიანებულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით აკრძალულია.

banner
წინა სტატიაში“ადამიანებს, რომლებიც თითებით ხედავენ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტის დანახვა შეუძლიათ”
შემდეგი სტატიათბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დამატებით 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი დაინიშნა