სამადაშვილი გვენეტაძეს: იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანაში ანაკლიის პორტი არ აშენდა

იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ანაკლიის პორტი არ აშენდა ქვეყანაში და თქვენ, მათ შორის, გახდით თანამონაწილე ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპების სრული მორღვევის, რომელიც თითოეულ საქართველოს გაღარიბებულ მოქალაქეს უჯდება იმად, რომ ამ ქვეყანაში არც სამუშაო ადგილები აღარ იქნება და არც არანაირი პერსპექტივა, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

სამადაშვილის შეფასებით, ანაკლიის პორტი, რომ არ არის აშენებული – ამაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სერიოზული წვლილი მიუძღვის.

„დღეს გამოიცა ევროპის საინვესტიციო ბანკის და ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის ერთობლივი ანგარიში, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რაც ამ ქვეყანას აქვს კანონის უზენაესობის გამო, ქვეყანა წინ ვერ წავა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არის შეფერხებული და მე მაინტერესებს, თქვენი კარიერის განმავლობაში მეორე ისტორიული მიღწევა არის, რომ გახდით პირველი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ იქცა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. აი, თქვენ აქ დგახართ დღეს და რამდენიმე წლის წინ გისმენდით ისევ აქ, ამ პარლამენტში და დღეს ანაკლიის პორტი არ არის აშენებული. ანაკლიის პორტი არ არის აშენებული ყველა შედეგით ჩვენივე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენივე ქვეყნის ეკონომიკისთვის და თქვენ ამაში მიგიძღვით პირდაპირ თქვენი ძალიან სერიოზული წვლილი იმიტომ, რომ დათანხმდით გამხდარიყავით პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი, ვერ შეინარჩუნეთ დამოუკიდებლობა. ახლა, მე მაინტერესებს იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ანაკლიის პორტი არ აშენდა ქვეყანაში და თქვენ მათ შორის, გახდით თანამონაწილე ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპების სრული მორღვევის, რომელიც თითოეულ საქართველოს გაღარიბებულ მოქალაქეს უჯდება იმად, რომ ამ ქვეყანაში არც სამუშაო ადგილები აღარ იქნება და არც არანაირი პერსპექტივა არ აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომ საკუთარი ცხოვრება გააუმჯობესოს ამ ხელისუფლების ხელში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ინფლაციაზე არავითარი ზემოქმედება არ ექნება
შემდეგი სტატიაჯაფარიძე კობა გვენეტაძეს: ცალსახაა, რომ ეროვნული ბანკი ძირითადი ამოცანის შესრულებას ვერ უმკლავდება